საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ევროკავშირის მხარდაჭერით, 12 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი იწყება. ახალი პროექტი ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) III ფაზის ფარგლებში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ხორციელდება.
დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ ევროკავშირის ENPARD-ის III ფაზის ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარების ხუთწლიანი პროექტის განხორციელების შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს FAO-ს მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერას ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებასა და „სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის“ განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის საპილოტე ღონისძიება – ფერმერების, ფერმერული კოოპერატივების, მეწარმეებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გათვალისწინებულია საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობები, ასევე, ინდივიდუალური გრანტები, რაც მათ კონკურენტუნარიანობას აამაღლებს.
2013 წელს, ENPARD-ის პირველი ფაზის დაწყებიდან დღემდე, FAO-მ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო განვითარების მხარდასაჭერად რამდენიმე პროექტი განახორციელა. FAO-ENPARD-ის პირველი ორი პროექტი ითვალისწინებდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ტექნიკური დახმარების გაწევას და სამინისტროს პერსონალის შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას. გარდა ამისა, FAO-მ „სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის“ ცალკეული კომპონენტების იმპლემენტაციაზე იზრუნა, კერძოდ: სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია, ექსტენციის სერვისების ხელმისაწვდომობა, სტატისტიკური/ანალიტიკური შესაძლებლობები, ღირებულებათა ჯაჭვის და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარება. ENPARD III-ის ფარგლებში დაწყებული ახალი პროექტი პირველ ორ ეტაპზე FAO- ს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგებს დაეფუძნება.