ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერების შესახებ, – ამის შესახებ საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.
საბჭოს განმარტებით, სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება შემდეგ კატეგორიებს შეეხებათ:
საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.
„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე ყოფნისას“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
საბჭო განმარტავს, რომ ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების ძალაში შესვლისთანავე – და იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეები გათავისუფლებულნი არიან სავიზო მოთხოვნისაგან – წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გადაწყვიტონ მიიღონ ეროვნული ზომები დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნის გამოსაყენებლად.