ევროკავშირის, საერთაშორისო ორგანიზაციების და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ფულადი სანქციები დაწესდება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას პარლამენტი დაიწყებს.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 12 აგვისტოს სხდომაზე, პირველი მოსმენით, განიხილავს.
კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს, ასევე იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც საქართველოა.
ასევე, პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის დაეკისრება, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში.
ამ მიმართულებით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ სპეციალური მუხლი დაემატება, რომლის თანახმად, აღნიშნული ქმედება ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას, 15 დღემდე ვადით.
პროექტის ინიციატორები არიან- პარლამენტის თავმჯდომარე: კახა კუჭავა, პარლამენტის წევრები: ალეკო ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, ხათუნა სამნიძე, ნიკოლოზ სამხარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
