LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა არ გამორიცხავს უკრაინას ცოცხალი ძალითაც დაეხმაროს და პარალელურად ჩინეთის ლიდერთან შეხვედრებისთვის ემზადება

731
Screenshot 2024-05-04 170822

რუსეთი განაგრძობს უკრაინის მიმართ აგრესიას და ეს რჩება საერთაშორისო პოლიტიკურ არენზე მთავარ განსახილველ თემად. სანამ ამერიკულ დახმარებას მიიღებს, უკრაინა ცდილობს არსებული რესურსით წინააღმდეგობის გაწევას. ევროპაში კი უკვე იმაზეც საუბრობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა უკრაინას ცოცხალი ძალითაც აღმოუჩინონ დახმარება.

ევროპას კი რუსული საფრთხის გარდა, კიდვე ერთი თავსატეხი გაუჩნდა – ჩინეთი. პეკინში ვიზიტით ჩავიდა გერმანიის კანცლერი, ახლა კი ჩინეთის ლიდერი თავად ეწვევა ევროპულ ქვეყნებს, სადაც გავლენების საკითხებზე იქნება საუბარი. თავის მხრივ საქმეშია რუსეთიც და რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც გეგმავს ჩინეთში ვიზიტს.

სწორედ ამ სტრატეგიული მნიშვნელობის თემებზე გაამახვილა ყურადღება გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ გადაცემის წამყვანმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა.

„ყურადღება კვლავინდებურად მიმართულია უკრაინასადმი. რუსეთი განაგრძობს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას, ქალაქებისკენ ისვრის დიდი რაოდენობით რაკეტებს, დრონებს, რასაც ეწირებიან მოქალაქეები. უკრაინელები, რესურსის ფარგლებში, ცდილობენ მოიგერიონ ირიშები. რამდენადაც ცნობილია, ვლადიმირ პუტინს დავალება აქვს მიცემული 9 მაისისთვის ნებისმიერ ფასად ავდიიკის დაპყრობა, რომელიც სტარტეგიული მნიშვნელობისაა.

ეს ყველაფერი განპირობებულია დასავლეთიდან შემცირებული, დაგვიანებული დახმარების მიწოდებით. აშშ-ის მხრიდან 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების მიწოდების თაობაზე ცნობილია, მაგრამ ამას დრო სჭირდება. თუმცა ამერიკული დახმარების გარკვეული ნაწილი უკვე პოლონეთშია და უკრაინაში მალე ექნება დახმარების პირველი ნაწილი.
საინტერესოა, უკრაინელები მინიშნებას აკეთებენ, რომ უახლოეს პერიოდში განადგურებული იქნება ყირიმის ხიდი და ამ მხრივ სიურპრიზებია მოსალოდნელი.

ამის პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში დაუგეგმავი ვიზიტით იმყოფებოდა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელმაც პრინციპში მოუბოდიშა უკრაინის პრეზიდენტს დაგვიანებული გადაწყვეტილებისა და დახმარების მიწოდებისთვის.

ამის თაობაზე მსჯელობა და ზრუნვა აქტიურად მიმდინარეობს ევროპაშიც. ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები – საფრანგეთი, გერმანია – აქტიურად განიხილავენ დახმარების თემას. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან სერიოზული გარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია განიხილონ უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხი. მაკრონმა აქ ერთი პირობაც დაურთო, რომ საჭიროა უკრაინის მხრიდან ოფიციალური დახმარების მოთხოვნის გაგზავნა.

მისი განცხადებით, ევროპაში მხარდამჭერები ამ საკითხს გაგებით ეკიდებიან და ყველა თანხმდება, რომ რუსეთი არის საფრთხე ევროპისთვის და ევროპელ ლიდერებს შორისაც ჰყავთ მხარდაჭერები, რომლებიც ასევე განიხილავენ უკრაინაში ცოცხალი ძალის გაგზავნის შესაძლებლობას.

ევროპა ჩინეთთან კონკურენციაშიც არის და თანამშრომლობაც უნდა

არც თუ დიდი ხნის წინ პეკინში იმყოფებოდა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და ჰქონდა სერიოზული, დახუნძლული ვიზიტი, რომელსაც თან ახლდნენ ყველა წამყვანი ავტოკონცერნის პირველი პირები და ჰქონდათ შეხვედრა ჩინეთის ლიდერთან. ახლა პირიქით, სი ძინპინი ჩადის ევროპაში, იწყებს პარიზით.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მოიწვია გერმანიის კაცლერი და ჰქონდათ ნახევრად გასაიდუმლოებული შეხვედრა, ერთგვარი მოთელვა ჩინეთის ლიდერის ვიზიტამდე. უკრაინის საკითხი განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა იქნება. თავის მხრივ პუტინიც ემზადება მაისის ბოლოს ჩინეთში ვიზიტისთვის და ჩინურ ბანკებთან ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემებს განიხილავს.

საფრანგეთს კი თავისი ეროვნული ინტერესებიც აქვს და აქტუალურია ელექტროავტომობილების წარმოებაში ჩინეთის მხრიდან სუბსიდიების განხორციელების საკითხი. ეს სუბსიდიები, შეიძლება ითქვას, უკონკურენტოს აქცევს ჩინეთს, მაგრამ ევროპა ცდილობს კონკურენციაში იყოს ჩინეთთან. ეს თემა არის ევროპის კავშირში ერთ-ერთი აქტუალური. სერიოზულად განიხილება ტარიფების თემაც და ამ მხრივ 27-ქვეყნიანი ევროპა არ არის ერთსულოვანი.

საფრანგეთს არ სურს, ისევე როგორც გერმანიას, რომ ეკონომიკის თვალსაზრისით შემცირება მოხდეს, ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია საფრანგეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვისაც. საფრანგეთი ცდილობს წინ წასწიოს საკუთარი ინტერესები, გაიზარდოს ვაჭრობა და ფრანგული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდეს.

ჩინეთის ლიდერისთვის პარიზი არის პირველი გაჩერება, რომელიც 5 წელიწადია არ ყოფილა ევროპის კონტინენტზე მას შემდეგ, რაც კოვიდის პირველი ნიშნები გაჩნდა.

ამის შემდეგ სი ძინპინი გაემგზავრება უნგრეთსა და სერბეთში. არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს ვიზიტები. ჩინეთი სერიოზული ინვესტიციებისა და პროექტების განხორიელებას გეგმავს უნგრეთში და ეს შესაძლოა საყურადღებო იყოს ჩვენთვისაც იმ ჭრილში, რომ აქტიურად ვითარდება საქართველოს ხელისუფლებასა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა, რომ ხშირად აქტიურად საუბრობენ შესაძლო ინვესტიციებზე.

როგორც წესი, საბოლოო ჯამში, ჩინეთის მხრიდან ინვესტიციების ნაცვლად აქცენტი კეთდება კრედიტებზე და ეს არც თუ უსაფრთხო კრედიტებია, მაგრამ ეს უკვე უნგრეთის საქმეა. უნგრეთში იკლებს პირდაპირი ინვესტიციები დასავლეთის სამყაროდან.
სერბეთი კანდიდატი ქვეყანაა და საკუთარი ინტერესები აქვს როგორც რუსეთთან, ისე ჩინეთთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. უნგრეთი და სერბეთი დემონსტრირებას ახდენენ, რომ ალტერნატიული წყაროები და შესაძლებლობიც გააჩნიათ მიუხედავად იმ საფრთხეებისა, რაც შესაძლოა მოჰყვეს ჩინური ინვესტიციების გავლენას.

მოკლედ, დაველოდოთ ჩინეთის ლიდერის ვიზიტებს ევროპაში მით უმეტეს, რომ ჩინეთი სულ უფრო მეტად თავისი გავლენის ქვეშ აქცევს რუსეთს და ვნახოთ როგორი იქნება ამ თვალსაზრისით ევროპელების პოზიციები.

ფოტო: telegraph
brusselstimes
globaltimes

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g