ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც ამარტივებს ევროკავშირის მხრიდან ვიზა-განმათავისუფლებელი რეჟიმის შეჩერებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უსაფრთხოების რისკებს ქმნიან ან არღვევენ ადამიანის უფლებებს.
რეფორმა შეეხება 61 ქვეყანას, რომლის მოქალაქეებსაც ამჟამად შეუძლიათ შენგენის ზონაში უვიზოდ იმოგზაურონ – 90 დღემდე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.
არსებული საფუძვლებია შიდა უსაფრთხოების საფრთხეები (მაგალითად, დანაშაულის მატება ამ ქვეყნის მოქალაქეთა მხრიდან) და თავშესაფრის უარყოფილი განცხადებების, საზღვარზე შეწყვეტილი შესვლების ან ვიზის ვადის გადაცილებით დარჩენილთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა.
კანონმდებლობა ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ შევა.
–
ევროპაში მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იზრდება და ჭარბი მიგრაციული პროცესების შესახებ შეზღუდვებზე საუბრები სულ უფრო ისმის.
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართა, რომელშიც ევროკავშირის მიგრაციული პაქტიდან პოლონეთის გამორიცხვას ითხოვს.
პრეზიდენტი მტკიცედ ითხოვს, რომ მისი ქვეყანა არალეგალური მიგრანტების განსახლების ევროკავშირის პროექტიდან გამოირიცხოს. „პოლონეთი უპირველეს ყოვლისა, პოლონელები უპირველეს ყოვლისა“, – ნათქვამია ნავროცკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ევროკავშირში მიგრაციული პაქტი 2026 წელს სრულად უნდა ამოქმედდეს ორწლიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ. პაქტი ითვალისწინებს ევროკავშირში არალეგალურად ჩასულ თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის კოლექტიურ მართვას. პაქტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ე.წ. სოლიდარობის მექანიზმი, რომლის ფარგლებში ევროკავშირის წევრებს სამი ვარიანტიდან ერთ-ერთის არჩევა შეეძლებათ – მიიღონ თავშესაფრის მაძიებელთა გარკვეული რაოდენობა, შეიტანონ ფინანსური კონტრიბუცია ან უზრუნველყონ ოპერაციული მხარდაჭერა პერსონალით და აღჭურვილობით.
მიგრაციულ პაქტს ეწინააღმდეგება რამდენიმე წევრი ქვეყანა, მათ შორის პოლონეთი და უნგრეთი.

ამასობაში ბუნდესტაგმა გააუქმა მექანიზმი, რომლითაც უცხოელებს გერმანიის მოქალაქეობის მიღება დაჩქარებული წესით შეეძლოთ.
კერძოდ, ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა ერთი წლის წინ მის მიერვე დამტკიცებული ცვლილებების გაუქმებას. შესაბამისად, გერმანიის პასპორტის მისაღებად პროფესიონალები, რომლებზეც შრომით ბაზარზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა არსებობს, ვალდებული იქნებიან, ქვეყანაში სამი წლის ნაცვლად, სულ მცირე, ხუთი წლის განმავლობაში დარჩნენ.
–
პორტუგალიის პარლამენტმა დაამტკიცა „უცხოელთა შესახებ“ კანონის ახალი ვერსია.
მას მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა პარტიებმაც. მემარცხენეების მიერ შემოთავაზებული ყველა ცვლილება უარყვეს.
პორტუგალიის პარლამენტმა დაამტკიცა უცხოელთა შესვლის, ყოფნის, გასვლისა და გაძევების ახალი სამართლებრივი რეჟიმი.
წინადადების განხილვისას, პრეზიდენტის საქმეთა მინისტრმა ანტონიო ლეიტაო ამარუმ შეაქო სამი უდიდესი ოპოზიციური პარტიის მიერ დაკავებული „კონსტრუქციული პოზიცია“, მიუხედავად მათი „განსხვავებებისა“.
„ჩვენ ვაფასებთ მთავრობას იმის გამო, რომ მან მოახერხა თავდაპირველად დაგეგმილი ზოგიერთი რეგულაციის გამკაცრება და იმის აღიარება, რომ სოციალური დახმარების გაწევისას არსებობს დარღვევები, რომლებიც უნდა გამოსწორდეს“, – განაცხადა პარტია Chega-ის წარმომადგენელმა კრისტინა როდრიგესმა.

ფოტო: europenowjournal
rfberlin