მსოფლიო პოლიტიკაში ისევ ბევრი რამ ხდება: ევროპა ელოდება თუ რა პოზიციას დაიკავებს აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი და რადგან გარკვეული ეჭვები აქვს, თავად იწყებს ზრუნვას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. ამაზე მიუთითებს ევროკომისიაში თავდაცვის პორტფელის დამატება, ამაზე მეტყველებს ჩრდილო ევროპული ქვეყნების ლიდერების შეხვედრა და ალბათ ისიც, რომ რუსეთის მხრიდან ელოდებიან, რომ ადრე თუ გვიან შესაძლოა ევროპაზეც მიიტანოს იერიში.
ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ მისმა წამყვანმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა, რომელმაც ასევე ისაუბრა რუმინეთში მიმდინარე საპრეზიდენტი არჩევნების მოულოდნელ შედეგებსა და ახლო აღმოსავლეთში მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებაზე.
„განსაკუთრებული გართულებების გარეშე ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეძლო
ევროკომისიის სრული შემადგენლობის ჩამოყალიბება. ის და პლუს 26 კომისარი 1 დეკემბრიდან 5 წლის განმავლობაში შეუდგებიან საქმიანობას.
აღსანიშნავია, რომ დაემატა თავდაცვისა და კოსმოსური უზრუნველყოფის ევროკომისრის პორტფელი, რომელსაც დაიკავებს ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კობილიუსი.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად ხარჯავს მშპ-ს 9%-ს, რუსეთი გადაეწყო სამხედრო ბიუჯეტზე და მიდის აგრესიული ომის წარმოებაზე.
ამასთან შედარებით ევროკავშირი ხარჯავს 1-1.5 პროცენტს უკრაინის დახმარებაზე და თან დიდი განხილვის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებებს.
ამიტომ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებულია გამოიყოს დახმარება უკრაინისთვის და თავად ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება.
მიზეზი ისაა, რომ ბევრი ამბობს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, რუსეთი მზად იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად.
კიდევ ერთი გამოსარჩევი დანიშვნა. ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში იქნება კაია კალასი, ესტონეთის ყოფილი პრემიერი, რომელიც გამორჩეულია რიტორიკით, ხისტი პოლიტიკით რუსეთთან მიმართებით. ის იქნება უკრაინის დიდი მხარდამჭერი. დამტკიცებაზე უკრაინის დროშის ფერებში იყო მისული. მან დახმარებისა და გაძლიერების პირობა დადო.
პარალელურად ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების, ასევე პოლონეთის ლიდერები შეიკრიბნენ პატარა შვედურ ქალაქში და იმსჯელეს უკრაინის დახმარებაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის გაპრეზინტების ჭრილში. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ტრამპი დააყენებს საკითხს, უკრაინის მხარდაჭერის მთავარი ტვირთი სწორედ ევროპულმა კავშირმა აიღოს. ამ შეხვედრაში ჩაერთო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც და მხარდაჭერა გამოხატა.
რუმინეთში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები. საკმაოდ მოულოდნელი იყო, ცოტა შოკის მომგვრელიც კი, რომ პირველ ტურში გაიმარჯვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა კალინ გეორგესკუმ. მისი მთავარი იარაღი საარჩევნო კამპანის დროს იყო ტიკ-ტოკი, ჩინური სოციალური პლატფორმა. მან 22 პროცენტი მიიღო, ძირითადად მცირე დასახლებებში, ასევე დიასპორებში. ამან ეჭვები გააჩინა, რომ მის უკან დგანან სხვა ქვეყნების სპეციალური სამსახურები, რადგან ის გახლავთ ულტრანაციონალისტი. შეიძლება ითქვას, რომ არის პრორუსი და არის დადასტურებით უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგე. გახლავთ რუმინეთის ნეიტრალიტეტის მომხრე, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების მოწინაამდეგეც კი.
გეორგესკუს კონკურენტია ელენა ლასკონი, მცირე ქალაქის მერი და ცენტრისტული მემარჯვენე. ის გამოკვეთილად ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერია. ლასკონს 19% აქვს, ჩამორჩენა არც თუ დიდია. მეორე ტური 8 დეკემბერს გაიმართება.
აშშ-ის ჯერაც მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ითხოვს უკრაინისთვის კიდევ 24 მილიარდის დახმარების გამოყოფას. რთული წარმოსადგენია, რომ ამას მხარდაჭერა ექნება, მიუხედავად იმისა, რომ აქედან 16 მილიარდი პირდაპირ მიდის იმ ამერიკულ საწარმოებში, რომლებმაც უნდა აწარმოონ იარაღი. მანამდე კი ბაიდენი ხელს მოაწერს 725 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფას.
ამასობაში უკრაინამ მცირე წარმატებებს მიაღწია უკრაინის ტერიტორიაზე. გაიწმინდა სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი კუპიანსკი. კურსკის ოლქის მიმართულებით გამოიყენეს ამერიკული რაკეტები, ატაკამსები, რომელიც ასეთი ყბადაღებული თემა იყო. ამან ცხადია რუსეთში დიდი გაღიზიანება გამოიწვია. გამოიყვანეს დმიტრი მედვედევი, რომელმაც თქვა, რომ წითელი ხაზი გადაკვეთილია და ამაზე რუსეთს ექნება ადეკვატური პასუხი.
საინტერესო პროცესებია ახლო აღმოსავლეთში.
მიღწეულია სამშვიდობო, ცეცხლის შეწვეტის შეთანხმება. ისრელმა უკვე დაიწყო ლიბანის ტერიტორიიდან გასვლა. ლიბანის შეიარაღებული ძალები იკავებენ სამხრეთ ტერიტორიებს (ისრაელის ჩრდილოეთით) და მათ უნდა უზრუნველყონ, რომ არ მოძლიერდეს „ჰეზბოლა“.
„ჰამასმაც“ განაცხადა, რომ ისიც მზადაა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის და ღაზის სექტორშიც შეიძლება მშვიდობამ დაისადგუროს. მიუხედავად გაწეული დიდი მსხვერპლისა, ხალხი ამ სიახლეებს სიხარულით შეხვდა.
დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, რომ აშშ დაიწყებს ამერიკაში არსებული ნავთობის მოპოვებას, „გაზპრომის“ აქციები დაეცა. ფაქტობრივად, ერთი აქცია 1 დოლარია. იხუმრეს კიდეც, რომ აქცია უფრო იაფი ღირს, ვიდრე ქაღალდი, რაზეც არის დაბეჭდილი. ასეთმა მოლოდინებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ინფლაცია, დოლარის კურსი გასცდა 110 რუბლის მაჩვენებელს, ევროს კურსი 120 რუბლს. ცენტრალურმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება შეაჩეროს უცხოური ვალუტის შეძენის საშუალება, რათა კიდევ არ მოხდეს რუბლის და ეკონომიკის კოლაფსი. ეს კი გამოიწვევს სერიოზულ რყევებს თავად რუსეთის შიგნით“.
ფოტო: ec.europa.eu
lsm
politico
kyivindependent
cnn