„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი ტუღუშის, განცხადებით, ევროპარლამენტარებთან განხილვის საკითხები ზოგადად დემოკრატიის კუთხით არსებული პრობლემები, გამოუძიებელი საქმეები და წინასაარჩევნო გარემო იყო.
ამის შესახებ განცხადება გიორგი ტუღუშმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა.
„ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც დაისვა, იყო აფგან მუხთარლის საქმე და მიმდინარე ე.წ. გამოძიება, რომელშიც კონკრეტული შედეგები არ ჩანს. აფგან მუხთარლის მეუღლემ არაერთხელ განაცხადა, რომ მას უთვალთვალებდნენ, ითხოვდა, რომ უნდა იყოს დაცული. ძალიან დიდი კითხვის ნიშნები არსებობს, მგონი, იმაზე მეტი, ვიდრე პირველ ეტაპზე იყო. დღესაც ევროპარლამენტარების დაინტერესების ერთ-ერთი საკვანძო თემა იყო მუხთარლის საქმე. მათ არცთუ ისე დიდი ხნის წინ ცალკე რეზოლუცია მიუძღვნეს მუხთარლის საქმეს,“ – განაცხადა ტუღუშმა.