LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 5 მლრდ ევროს მაკროფინანსური დახმარება დაამტკიცა

42
ევროპარლამენტი

ევროპარლამენტმა დააკმაყოფილა ევროკომისიის წინადადება უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა დღეს, სტრასბურგში გამართულ პლენარულ სესიაზე მიიღო.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

შემოთავაზებას, რომელიც ევროპარლამენტმა ე.წ. „სასწრაფო პროცედურით“ მიიღო, მხარი 534-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 30 წინააღმდეგ წავიდა, 26-მა კი თავი შეიკავა.

„უკრაინის საგარეო დაფინანსების საჭიროებები მკვეთრად გაიზარდა რუსეთის შეჭრის გამო; გზების, ხიდების, ქარხნების, სახლების, საავადმყოფოების და სხვა ფიზიკური ინფრასტრუქტურის უზარმაზარი ზიანის გარდა, ქვეყანამ ასევე დაკარგა წვდომა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე“, – წერია ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული თანხა არის ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 9 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის მეორე და ყველაზე დიდი ტრანში. პირველი ტრანში – 1 მილიარდი ევროს ოდენობის – უკრაინამ ევროკავშირისგან აგვისტოს დასაწყისში მიიღო.

მიმართვის თანახმად, რომელიც ევროპარლამენტმა დააკმაყოფილა, აღნიშნული მაკროფინანსური დახმარება საკუთარ წვლილს შეიტანს „უკრაინის სახელმწიფო ვალის მდგრადობასა და შესაძლებლობაში, რომ საბოლოო ჯამში საშუალება ჰქონდეს დაფაროს საკუთარი ფინანსური ვალდებულებები“.