მალე ევროპაში დასრულდება ის დრო, როცა ავიაკომპანიები ხელბარგისთვის დამატებით თანხას ითხოვდნენ. ახალი რეგულაციებით, მგზავრებს უფლება ექნებათ უფასოდ გადაიტანონ არა მხოლოდ პატარა ჩემოდანი, არამედ მცირე ზომის ჩანთაც.
ადრე, განსაკუთრებით დაბალბიუჯეტიან ავიახაზებში, ამის ფასი ხშირად 30–50 ევროს შეადგენდა.
სასიამოვნო სიახლე ეხებათ მშობლებსაც, რომლებიც ბავშვებთან ერთად მოგზაურობენ.
ამჟამად ბევრ ავიაგადამზიდში ადგილის შერჩევისთვის დამატებით გადასახადს ითხოვენ, რის გამოც რეგისტრაციისას ოჯახის წევრები ხშირად სხვადასხვა რიგებში ხვდებიან. შედეგად, ბავშვებს ცალკე ყოფნა უწევთ ხოლმე.
ამიერიდან კი, ახალი წესების თანახმად, 12 წლამდე მგზავრებისთვის ადგილის არჩევა უფასო იქნება.
ევროპის ბევრ ქვეყანაში მიიჩნევენ, რომ მსგავს პრაქტიკას ბიუჯეტური ავიაკომპანიები ძალიან ბოროტად იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ არაერთხელ დაეკისრათ ჯარიმები, მგზავრებისთვის არაფერი შეცვლილა.
შესაბამისი კანონპროექტი ევროპარლამენტში განსახილველად უკვე მზადდება.
ინიციატივის ავტორები იმედოვნებენ, რომ ეს ცვლილებები გააუმჯობესებს მგზავრობის პირობებს და გახდის ფრენებს უფრო სამართლიანსა და ხელმისაწვდომს ყველასთვის.