ევროპის ქვეყნებმა, რომლებსაც ეკონომიკური განვითარების დონით კიდევ დიდხანს ვერ დავეწევით, გადაწყვიტეს, დაბალშემოსავლიან მოქალაქეებზე იზრუნონ და სხვადასხვა მიზეზით დაწუნებული საკვები სიმბოლურ ფასად გაყიდონ. ასე გაჩნდა სოციალური სუპერმარკეტის გახსნის იდეა ევროპაში.
ბრიტანელმა ჯონ მარენმა წლების წინ მოიფიქრა, რომ საჭმელი, რომელიც არასწორი ეტიკეტის გამო ჩამოწერეს ან უახლოეს 2-3 დღეში ვადის გასვლისთანავე უნდა გადაეყარათ, მოეგროვებინა და სიმბოლურ ფასად გაეყიდა. სწორედ ამ დროს გაიხსნა პირველი სოციალური სუპერმარკეტი იორკშირში.
მარენმა რომ დაინახა, მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა დიდი იყო, ადგილობრივ მსხვილ მარკეტებს და ასევე პროდუქციის ცალკეულ მწარმოებლებს მოელაპარაკა, რომ ასეთი ნარჩენი პროდუქტები ნაგავსაყრელზე კი არ გადაეყარათ, მისთვის მიეცათ და ის სიმბოლურ ფასად გაყიდდა.
ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ არ აკონკრეტებს, მსხვილი კომპანიები ნარჩენებში ფულს იღებენ თუ არა, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მათთვის ერთგვარი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობაა. თუ აქამდე ასეთ პროდუქტებს ნაგავში ყრიდნენ, ამის ნაცვლად საკვებს ჯონ მარენს აძლევენ და თან იციან, რომ ასე ღარიბ მოსახლეობას ეხმარებიან. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბარია არა ვადაგასულ საკვებზე, არამედ იმ პროდუქტზე, რომელიც 2-3 დღეში გაფუჭდება ან უბრალოდ ეტიკეტისა თუ სხვა მიზეზის გამო ჩამოწერეს.
საქართველოში, სადაც „იუნისეფის“ ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს და მოსახლეობის 27,6% სიღარიის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ასეთი სოციალური სუპერმარკეტები არ არსებობს. რადიო „ფორტუნა“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ ამაზე მსხვილი სუპერმარკეტები და ხომ არ აპირებენ, საკუთარ სივრცეში სოციალური კუთხეების მოწყობას.
„გუდვილის“ წარმომადგენელი ნატა წერეთელი ამბობს, რომ რითეილის კუთხით ყველაზე გამართული სწორედ „გუდვილია“ და ყოველთვის იმდენ პროდუქტს უკვეთავენ, რამდენიც იყიდება.
ნატა წერეთელი, „გუდვილი“: „ჩვენ იმიტომ არ გვიფიქრია ამაზე, რომ რაც გვაქვს მალფუჭებადი ან მზა საკვები, ისეა გეგმა გაწერილი, საქონელი არ გვიფუჭდება, საათების მიხედვით გეგმაზეა სუაბარი. მზა კვებაც რომ ნახოთ, არის, რომ დამზადებულია 10:000 საათზე, 15:00 საათზე და ა.შ. საათობრივად მზადდება. აქედან გამოდინარე ამის ჩამოწერა არ ხდება. მენეჯმენტის თემაც ეს არის, რომ მინიმალური რჩება, მზა კვებაში მხოლოდ 100 და 300 გრამი რჩება ხოლმე. ავტომატიზირებული შეკვეთების პროგრამა გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ ზუსტად იმდენს ვუკვეთავთ, რამდენიც იყიდება. არის პრაქტიკა, თუ რამდენიმე ცალი დარჩა და ორ კვირაში ვადა გასდის, იმის ჩამოფასება ხდება, მაგრამ მთლად სოციალური სუპერმარკეტის სახეს ვერ ვაძლევთ, იმიტომ რომ რაოდენობა გვაქვს მიზერული“.
რუსუდან კბილაშვილი, „სმარტი“: „სმარტს რაც შეეხება, ჩვენ რადგან ფორმატი შევიცვალეთ, ნაკლებადაა პროდუქტები, რასაც ასე მცირე ვადა აქვს. ერთადერთი საკონდიტროა, რომელიც 24-საათიანია და თან უკვე გვაქვს გამოცდილება, იმდენი მოვამზადოთ, რამდენიც იყიდება. შესაბამისად, ეს მიმართულება არ გვაქვს, თან თუ რამე რჩება მზა საკვებიდან, ის ნადგურდება სურსათის უვნებლობის წესების მიხედვით“.
თამარ ესართია, „სპარი“: „სპარში“ ჩვენი წარმოების პროდუქტებზე, ყოველდღე, საღამოდ 20:00 საათდან 24:00 საათამდე განახევრებული ფასებია, ანუ იმაზე, რაც მალფუჭებადია. რაც შეეხება სხვა ტიპის პროდუქტებს, სტაბილურად მხოლოდ მზა პროდუქტებზე გვაქვს, ყველგან მგონი ერთი და იგივე სიტუაციაა, ანუ ყველა კომპანიას მაქსიმალურად ზუსტი რაოდენობით აქვთ პროდუქცია შეძენილი“.
„ფრესკოს“ პიარისა და მარკეტიგის დეპარტამენტში კი გვითხრეს, რომ მათ ჰქონდათ მსგავსი ტიპის შეთავაზებები სხვადასხვა ორგანიზაციიდან, მაგრამ უარი თქვეს, რადგან კომპანიის ცნობით, „ფრესკოს“ საკუთარი საქველმოქმედო ფონდი აქვს და მიმართვის შემთხვევაში, მოქალაქეებს სოციალური პროდუქტებით ისედაც ეხმარებიან.
მას შემდეგ, რაც „ფორტუნამ“ დააზუსტა, რომ შეკითხვა არა ქველმოქმედებას, არამედ პროდუქციის დაბალ ფასად გაყიდვას გულისხმობდა, გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება, რადგან სხვადასხვა სახის პროდუქტს პერიოდულად დაბალ ფასად ისედაც ყიდიან ხოლმე.
ამ თემაზე აზრი მარკეტოლოგებს და ეკონომისტებსაც ვკითხეთ, რომლებიც ქართული კომპანიების ქცევას აბსოლუტურად გამართლებურად მიიჩნვენ. ისინი ამბობენ, რომ ევროპაში ღარიბი მოქალაქე ცოტაა, შესაბამისად, იქ თავისი მომხმარებელი ჰყავს სოციალურ სუპერმარკეტსაც და ბრენდულ კომპანიასაც. საქართველოში კი ეს პრაქტიკა არ გაამართლებს. ეკონომისტების აზრით, თუ მომხმარებელს ეცოდინება, რომ ყოველდღე სხვადასხვა სახის საკვები იმავე მარკეტში ან თუნდაც სხვაგან სიმბოლურ ფასად გაიყიდება, ის აუცილებლად დაელოდება იმ კონკრეტულ დღეს ან საათს და საბოლოოდ მსხვილ სუპერმარკეტებს კლიენტი აღარ ეყოლებათ. ეს კი, სპეციალისტების თქმით, ცხადია, კომპანიებს არ აწყობთ.
როგორც ჩანს, სოციალური სუპერმარკეტების გახსნის იდეამ გაურკვეველი ვადით გადაიწია, მაგრამ სოციალურად დაუცველი და შიმშილის ზღარზე მყოფი მოქალაქეების პრობლემის ნაწილობრივ მოგვარება მაინც შესაძლებელია, რომ არა ქვეყანაში არსებული ერთი მავნე პრაქტიკა – ზოგჯერ ხელუხლებელი საკვებიც კი, რომელიც რესტორანში რჩება, ძირითადად, ნაგავსაყრელზე იყრება. რა პასუხი აქვთ ამაზე რესტორნების მფლობელებს, რა წერია სურსათის უვნებლობის კანონში, მართლა ევალებათ თუ არა მათ მორჩენილი საკვების განადგურება თუ ეს მხოლოდ გაფუჭებულ საჭმელს ეხება და რატომ უნდა იყრებოდეს ნაგავში საღი პროდუქტი, როცა ქვეყანაში უკიდურეს გაჭირვებაში მოსახლეობის 27%-ზე მეტი ცხოვრობს, ამ თემაზე სტატიას რადიო „ფორტუნა“ ხვალ შემოგთავაზებთ.