ევროპაში ყველაზე დიდ ელექტროსადგურს შიდა გამოყენებისთვის რომში, ფიუმიჩინოს აეროპორტში აამუშავებენ. სიახლის შესახებ Airport Review წერს.
ელექტრო სადგური 340 ათასი კვადრატული მეტრის ფართობს იკავებს და 55 ათასი მზის პანელისგან შედგება. სადგური საფრენი ბილიკის გასწვრივ დაახლოებით 2,5 კილომეტრზეა გადაჭიმული.
სიახლე წელიწადში დაახლოებით 30 გიგავატ-საათ ენერგიას აწარმოებს. ეს მოცულობა 10 ათასი სახლის ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად საკმარისი იქნებოდა. მომავალი 5 წლის განმავლობაში მზის პანელების რაოდენობის გაზრდა იგეგმება და ელექტრო სადგურიც ორჯერ მეტ ენერგიას გამოიმუშავებს.
მზის ენერგიის გამოყენებით აეროპორტი მავნე გამონაბოლქვს წელიწადში 11 ათასი ტონით შეამცირებს. ეს კი გზიდან ბენზინზე მომუშავე 3 ათასი ავტომობილის გაქრობის ტოლფასი იქნება.
ევროპის ქვეყნებში განახლებადი ენერგიების გამოყენება ევროკავშირს ამბიციური გეგმის შესრულებაში დაეხმარება, რაც 2030 წლისთვის მავნე გამონაბოლქვის 55%-მდე შემცირებას გულისხმობს. 2050 წლისთვის კი ე.წ. ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევა უნდა მოხერხდეს.