ევროკავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების 76% ვერც კი წარმოიდგენს, რომ იმგზავროს ისეთი ტრანსპორტით რომელსაც მძღოლი არ ყავს. 54%–მა კი აღიარა, რომ ასეთ ავტომობილს საკუთარ სიცოცხლეს კი არა ნივთებსაც ვერ ანდობს.
თუკი ოპერატორი მანქანას დისტანციურად მართავს, მგზავრთა 61% თავის უსაფრთხოებაზე ძალიან ინერვიულებდა. ხოლო თუკი საჭესთან მძღოლია მოკალათებული, თუნდაც მხოლოდ „ექსტრემალური სიტუაციისთვის“, 72% თავს მშვიდად იგრძნობს.
ასეთი შედეგები „ევრობარომეტრმა“ 30 ათასამდე ევროპელის გამოკითხვის შემდეგ გამოაქვეყნა.
გზებზე უპილოტო ტრანსპორტის გამოჩენას, ევროპელთა ნახევარი ემხრობა. 46% ფიქრობს, რომ ავტომატიზირებული ტრანსპორტი კარგი იდეაა, 47%–ს კი სულაც არ სურს, რომ ტრასა რობოტებთან გაინაწილოს. და ბოლოს, 7%–ს პასუხის გაცემა საერთოდ უჭირს.
საზოგადოებაში არსებული არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიუხედავად, ევროპა უპილოტო ტრანსპორტის დასანერგად მსოფლიოში ყველაზე მეტადაა მზად. ანალიტიკური კომპანიის KPMG–ის კვლევის მიხედვით, 2020 წელს ავტონომიური ტრანსპორტისთვის ყველაზე მეტად მომზადებული 10 ქვეყნიდან 4 სწორედ ევროპაში მდებარეობს, ესენია – ნიდერლანდები, ფინეთი, შვედეთი და დანია. რეიტინგში საზოგადოების დამოკიდებულების გარდა სპეციალისტებმა ისეთი ფაქტორებიც გაითვალისწინეს, როგორიცაა საკანონმდებლო სისტემა, ასევე ინოვაციებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება.