ევროპა ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ემზადება და, როგორც ვითარებას ეტყობა, არ არის გამორიცხული მივიღოთ ძლიერი მემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანება. აზრთა სხვადასხვაობაა კანდიდატებზეც, ისევე როგორც განიხილავენ ნატოს მომდევნო გენერალური მდივნის თანამდებობაზე რამდენ კანდიდატს.
ამასობაში ბრძოლები გრძელდება უკრაინის ფრონტზე, თუმცა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე ფიქრობს, ოღონდ მას სურს, რომ ეს მისი პირობებით და უკვე დაპყრობილი ტერიტორიების აღიარებით მოხდეს, რაზეც უკრაინა ცხადია წინააღმდეგია.
ევროპის წამყვანი ქვეყნები უკრაინას საშუალებას აძლევენ შორი მანძილის რაკეტები გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე, ხოლო აშშ ჯერჯერობით ისევ თავს იკავებს ასეთ გადაწყვეტილებაზე.
ამ და მსოფლიოში მიმდინარე სხვა საკვანძო საკითხებზე ისაუბრა გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ გადაცემის წამყვანმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა.
„სულ რაღაც ერთი კვირა რჩება ევროპარლამენტის არჩევნებამდე. სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს და კამპანიაა გაჩაღებული. ვითარება სხვადასხვაგვარია, თუმცა ექსპერტები საუბრობენ, რომ ძირითადი სურათი არ შეიცვლება და „ევროპის სახალხო პარტია“ შეძლებს მიიღოს ხმებისა და მანდატების უმრავლესობა 720-მანდატიან პარლამენტში. ცენტრისტული მემარჯვენე გაერთიანება სავარაუდოდ 25-27 პროცენტს აიღებს. მეორე ვადით წარდგენილია ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა, თუმცა ასეთი ერთსულოვნებაც არ არის. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მხარს უჭერს იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის კანდიდატურას.
თავად საფრანგეთშიც არც თუ სახარბიელო ვითარებაა მაკრონისთვის. კვლევების მიხედვით, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი სერიოზულ უპირატესობას ფლობს და მაკრონის პარტიას ორჯერ უსწრებს. არის შანსი შედგეს ძლიერი, წმინდა მემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანება ქვეყნებს შორის. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ამასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიკტორ ორბანმა, რომ ახლა ევროპარლამენტის მომავალი შემადგენლობის და ძალთა ბალანსის ბედი ორი ქალის ხელშია – მარინ ლე პენის და იტალიის მოქმედი პრემიერის ჯორჯა მელონის, რომელიც მემარჯვენე პარტიის „იტალიის ძმების“ ლიდერია.
ჩვენთვის განსაკუთრებულად საყურადღებოა ისეთი მნიშვნელოვანი პოზიცია, როგორიცაა გაფართოების პორტფელი და მანდატი. ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ორბანის მოკავშირეა. ორბანს კი სურვილი აქვს უნგრეთმა შეინარჩუნოს ეს პორტფელი. უნგრეთი მომდევნო 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. გამოითქვა ვარაუდები, რომ მას შეუძლია სერიოზული პოზიციონირება საქართველოში მომავალ არჩევნებთან კონტექსტში, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის არა თავმჯდომარე ქვეყანას, არამედ ევროპული კომისიის და ევროპის კავშირის საბჭოს პრეზიდენტს. ორბანს აქვს სურვილი სერიოზულად იბრძოლოს გაფართოების პორტფელისთვის.
ამასთან, პრაღაში იმართება ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც მნიშვნელოვან საკითხად განიხილება ნატოს მომავალი გენერალური მდივნის თანამდებობა და კანდიდატები.
ვლადიმირ პუტინი ალაპარაკდა და ფიქრობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, ოღონდ ეს მის პირობებზე უნდა შედგეს და უკრაინა დათანხმდეს, რომ რაც რუსეთს დაპყრობილი აქვს, უკრაინამ აღიაროს როგორც რუსეთის კონტროლქვეშ არსებული ტერიტორიები. ბუნებრივია, ეს არ მოხდება. უკრაინის პრეზიდენტი ძალისხმევას არ იშურებს, რომ 14-15 ივნისს შვეიცარიაში გასამართ მშვიდობის სამიტზე მაქსიმალურად უმაღლესი წარმომადგენლობა შეიკრიბოს. წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა გამოთქვეს მზაობა მონაწილეობაზე. კარგი ამბავია, რომ ინდოეთი იქნება წარმოდგენილი მაღალ დონეზე, ეს მნიშვნელოვანია. არ იქნება ჩინეთი, რომელიც რჩება რუსეთის მხარდამჭერად.
მნიშვნელოვანია აშშ-ს პოზიცია უკრაინისთვის მიწოდებული რაკეტების გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიაზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერ შოლცთან შეხვედრაზე ღიად განაცხადა, რომ საფრანგეთის მიერ მიწოდებული შორი მანძილის რაკეტები უკვე გამოიყენება და საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მნიშვნელოვანი იყო კანცლერის პოზიცია და მან დაადასტურა, რომ თუ ეს მოხდება საერთაშორისო ნორმებით და ლეგიტიმური ანუ სამხედრო სამიზნეები იქნება და არ გასცდება შეთანხმებებს, მაშინ არ არის წინააღმდეგი და უკრაინას აქვს ასეთი დარტყმების განხორციელების უფლება. აშშ-ს პოზიცია კი უცვლელია, მას ჯერ არ აქვს ასეთი ღია თანხმობა მიცემული“.
ფოტო: euractiv