პორტუგალიური ქალაქი გიმარაენში ევროპის მწვანე დედაქალაქის ტიტულის მფლობელი გახდა.
გიმარაენში ეკოლოგიის მიმართ განსაკუთრებული მიდგომებისთვის გამოარჩიეს. მაგალითად, საქალაქო ღონისძიებებზე ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება აკრძალულია.
ქალაქმა თავი გამოიჩინა ასევე მიწისა და წყლის „სწორი“ გამოყენებისთვის. მისი ერთ-ერთი პროექტი – წყალსაცავების ქსელია, რომლის მიზანიც ბიომრავალფეროვნების დაცვა და გვალვის შედეგების შემცირებაა.
პორტუგალიური ქალაქი ასევე დიდი ყურადღებით ეპყრობა სუფთა წყლის რაციონალურ გამოყენებასაც. მაგალითად, წყლის გამოყენება მუნიციპალურ შენობებში მინიმუმამდეა დაყვანილი.
ზოგადად კანდიდატ-ქალაქებს საერთაშორისო ჟიური 7 კრიტერიუმის მიხედვით აფასებდა, მათ შორის ჰაერისა და წყლის ხარისხი, ნარჩენების გადამუშავება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ეკოლოგიური საქალაქო ტრანსპორტის განვითარება და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია.
გამარჯვებულის გამოვლენის ცერემონია ამჟამინდელ მწვანე დედაქალაქში – ვალენსიაში გაიმართა. მომავალი წლიდან კი ტიტული ვილნიუსს გადაეცემა.