ევროპის საბჭო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურება და თავის საიტზე მოვლენების განვითარების ქრონოლოგიას აქვეყნებს.
„2017 წლის 29 მაისს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარებაზე ინფორმაცია მისმა მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ გაავრცელა. მუსტაფაევამ განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ ბოლოს მაშინ დაურეკა, როდესაც ის მათი სახლიდან რამდენიმე კვარტლის მოშორებით იმყოფებოდა, მაგრამ საბოლოოდ სახლში არ დაბრუნდა. 30 მაისს საქართველოს პოლიციამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჟურნალისტის ძებნა, მაგრამ შემდგომ, დამოუკიდებელმა აზერბაიჯანულმა სააგენტომ „თურანმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა აფგან მუხთარლი დააკავა“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს სტატიაში.