LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის სანაპიროებზე წყალი რეკორდულად სუფთა გახდა – ევროკავშირის სტანდარტებს 96% აკმაყოფილებს

115
geio-tischler-vkfhp6uqnce-unsplash

ევროპის გარემოს სააგენტოს (EEA) უახლესი ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში ზღვის, ტბისა და მდინარის სანაპიროებზე წყლის ხარისხი ისტორიულად ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. 2025 წლის მონაცემებით, შემოწმებული საბანაო ადგილების 96% ევროკავშირის მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს, ხოლო თითქმის 85%-მა უმაღლესი – „შესანიშნავი“ შეფასება მიიღო.

ანგარიში 27 წევრ ქვეყანაში მდებარე 22 ათასზე მეტი სანაპიროსა და საბანაო ზონის მონაცემებს ეყრდნობა. საუკეთესო შედეგები დაფიქსირდა კვიპროსსა და საბერძნეთში, რომლებსაც მოჰყვებიან ბულგარეთი, ავსტრია, ლუქსემბურგი და დანია.

შედარებით დაბალი, თუმცა მაინც მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ ბელგიას, უნგრეთს, პოლონეთსა და ესტონეთს. ამ ქვეყნებშიც საბანაო ადგილების 70%-ზე მეტმა უმაღლესი შეფასება მიიღო.

სპეციალისტების შეფასებით, ბოლო ათწლეულებში წყლის ხარისხის გაუმჯობესება ძირითადად ჩამდინარე წყლების უკეთ დამუშავებამ და გარემოსდაცვითმა კონტროლმა განაპირობა, რის შედეგადაც მდინარეებსა და ზღვებში ნაკლები დაბინძურება ხვდება.

ანგარიშის მიხედვით, ყველაზე სუფთა წყალი ძირითადად ზღვის სანაპიროებზე ფიქსირდება. მდინარეების მონიტორინგი უფრო რთულია და მხოლოდ ყოველი მეორე შემოწმებული მდინარის მონაკვეთი იღებს „შესანიშნავი“ ხარისხის შეფასებას.

წყლის ხარისხის შეფასებისას ექსპერტები განსაკუთრებულ ყურადღებას ფეკალური წარმოშობის ბაქტერიებს უთმობენ, რომლებმაც შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები და სხვადასხვა ინფექცია გამოიწვიოს. ასეთი ბაქტერიები წყალში უმეტესად ჩამდინარე წყლებისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად ხვდება.

ევროპის გარემოს სააგენტო აღნიშნულ ანგარიშს ყოველწლიურად, ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყების წინ აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები