რომი მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. აქ გატარებული რამდენიმე დღე ბედნიერებით აგავსებთ, ნახავთ ულამაზეს შენობებს, ხელოვნების შედევრებს, მიირთმევთ გემრიელ საკვებს, დალევთ საუკეთესო ღვინოს… მოკლედ, რომში ყველაფერია ჯადოსნური არდადეგების გასატარებლად.
თუმცა, იტალიის დედაქალაქში ცხოვრება მარტივი არ არის. მუნიციპალური ტრანსპორტი გამართულად არ მუშაობს, უზარმაზარ ქალაქში მეტროს მხოლოდ ორი ხაზია. გადაადგილებასა და მუშაობაში ეს ყველაფერი ხელს აუცილებლად შეგიშლით.
პარიზი, მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ქალაქი უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ, მაგრამ აქ ცხოვრება დიდად სასურველი ბევრისთვის არ იქნება. ქალაქის ტურისტული ზონები კარგად არის მოვლილი და ცენტრალურ ქუჩებში სიარულისას თავი სამოთხეში გეგონებათ. თუმცა ეს არ არის მთელი პარიზი, საფრანგეთის დედაქალაქში ბევრი „არც ისე ლამაზი“ ადგილია. მუნიციპალური ტრანსპორტი კარგად მუშაობს, თუმცა პრობლემები აქაც არის.
ამასთან, პარიზი ევროპის ბევრ დიდ ქალაქთან შედარებით ძალიან ძვირია. მაგალითად, 0.33 ლიტრი ლუდი პარიზში 8 ევრო ღირს, გერმანიაში კი 0.5 ლიტრ “პაულანერს“ 3 ევროდ მიირთმევთ.
საფრანგეთის დედაქალაქში, შესაძლოა, დაუცველობის გრძნობაც გაგიჩნდეთ, დიდი შანსია, ქურდობისა და ხულიგნობის მსხვერპლი გახდეთ. ქალაქში უამრავი უსახლკარო ადამიანია და კრიმინალის მაჩვენებელი – საკმაოდ მაღალია.
როტერდამი ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია საცხოვრებლად. ტურისტებისთვის ყველაზე საყვარელი ადგილი ერასმუსის ხიდია.
ქალაქში გადაადგილება მარტივია. ყველგან არის ველოტრასები, ტრანსპორტი გამართულად მუშაობს, სამსახურში სიარული ყველასთვის მარტივია.
ამასთან, ფასები არ არის მაღალი. როტერდამში არ მოიწყენთ, აქ გართობის უამრავი საშუალების პოვნა შეგიძლიათ.
ღამის ცხოვრების მოყვარულებისთვის კი ქალაქში უამრავი პაბი, რესტორანი, ბარი და კლუბია.
საუკეთესო ქალაქი საცხოვრებლადაც და მოსანახულებლადაც ბერლინია.
მეოცე საუკუნის ისტორიით დაინტერესებული ადამიანებისთვის ბერლინი ნამდვილი საოცრებაა, უამრავი მუზეუმი გექნებათ სანახავი.
შესაძლოა, გერმანიის დედაქალაქმა ისე არ მოგხიბლოთ, როგორც, მაგალითად – პარიზმა, თუმცა ძალიან მალე უზომოდ შეგაყვარებთ თავს. ბერლინის ღამის ცხოვრება ევროპაში საუკეთესოა, მუნიციპალური ტრანსპორტი მუდმივად გამართულად მუშაობს.
გერმანიის დედაქალაქი ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური და კოსმოპოლიტი ქალაქია მსოფლიოში.