საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, წლევანდელი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისადმი მიძღვნილი ეროვნული საფოსტო მარკა მიმოქცევაში ჩაეშვა.
საფოსტო მარკის „ბაკურიანი 2025“ შეძენა საქართველოს ფოსტის ფილიალებშია შესაძლებელი. თითოეული საფოსტო მარკის ნომინალი 1 ლარია, ტირაჟი კი 20 000 ცალი. დიზაინის ავტორია ბადრი ქობლიანიძე.
„მოგეხსენებათ, საქართველო წელს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს. ბაკურიანში მიმდინარე ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას ჩვენ მარკების ახალი სერიით ვეხმიანებით. საფოსტო მარკის „ბაკურიანი 2025“ დიზაინი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციით და საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობით, სამინისტროს მიერ შემუშავდა და დამტკიცდა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარკების კომისიის თავმჯდომარემ გურამ გურამიშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 9 თებერვალს გაიხსნა და 16 თებერვლამდე გაგრძელდება. ფესტივალში მონაწილეობას 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი სპორტის რვა სახეობაში მიიღებს.