ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს დაიწყებს.
ლილიან მორი პასკიე თბილისში გუშინ საღამოს ჩამოვიდა. ის პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ასამბლეის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
დღესვე ლილიან მორი პასკიე წეროვანში გაემგზავრება, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას მოინახულებს, ხოლო შემდეგ სოფელ ოძისში ჩავა და ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას დაათვალიერებს.
ხვალ დაგეგმილია შეხვედრები მამუკა ბახტაძესთან და სალომე ზურაბიშვილთან.
ხვალვე საქართველოს პარლამენტში ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სესია გაიხსნება, სადაც პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და ევროსაბჭოს წარმომადგენელი სიტყვით გამოვლენ.
ლილიან მორი პასკიეს ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.