14 დეკემბერს თაკო მელიქიშვილის და ანზორ ოდიშარიას გადაცემას „გზაჯვარედინი“ ფსიქოლოგი, ეზოთერიკოსი, ნუმეროლოგი, ვენგო ლომთაძე სტუმრობდა, რომელმაც ფინანსური კეთილდღეობის და წარმატების მოზიდვაზე ისაუბრა, მსმენელს გარკვეული რეკომენდაციებიც გაუზიარა და ბარაკის კუთხის მოწყობაც ასწავლა.
ვენგო, ვისაუბროთ ბარაქის კუთხეზე, როგორ ხდება მისი მოწყობა?
ვენგო ლომთაძე: დავიწყოთ იქიდან, რომ ბარაქა არის ჩვენი უნარი დიდხანს შევინარჩუნოთ კეთილდღეობა, ფინანსური წარმატება და ის ენერგია, რაც ფინანსურ კეთილდღეობას ახასიათებს. თავისი რეზერვუარი ყველა ადამიანს აქვს. ხშირად ადამიანი რაღაც კონკრეტულ ფინანსებს გამოიმუშავებს, მაგრამ მერე ვეღარ ამატებს ვერაფერს, შეიძლება ის თანხაც კი დაეხარჯოს, გარკვეული ლიმიტი აქვს, რასაც ვერ სცდება. ბარაქის კუთხე მაქსიმალურად ზრდის ლიმიტებს და სახლში თუ სამსახურში ქმნის იმ ატმოსფეროს, რომ იდინოს ფინანსებმა და გაიზარდოს ჩვენი შემოსავალი. ბარაქის კუთხეს ყოველთვის ზარდახშაში ან დახურულ ყუთში ვაკეთებთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხელფასის, შემოსავლის გარკვეული ნაწილი ამ ბარაქის კუთხეში შევინახოთ და მთელი წლის განმავლობაში არ დავხარჯოთ. წლის ბოლოს უკვე შეგვიძლია საკუთარ თავს ან ოჯახის წევრებს ამ თანხით საჩუქარი გავუკეთოთ. აღნიშნული მოქმედებით ჩვენს ფინანსურ რესურსს ვზრდით. მოგეხსენებათ, დღეს ყველაფერი ციფრულია, ვიხდით ბარათით, ვრიცხავთ თანხას და ა.შ. , მაგრამ მონეტის ენერგია და თემატიკა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სახლის ზონის დაცვა, მაგალითად, ამ პერიოდში კარგია თუ ბარაქის ზარდახშას სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში დავდგამთ. შემდეგ ამ კუთხეში ყოველთვის უნდა იყოს კუპიურები. ფინანსური კეთილდღეობისთვის კიდევ ერთ საინტერესო მეთოდს გასწავლით. ყველა კუპიურას თავისი ნომერი აქვს, მათ შორის კი, ძალიან ეფექტურია კუპიურები, რომლებშიც გხვდებათ განმეორება, მაგალითად, სამი შვიდიანი, სამი ხუთიანი, სამი რვიანი. რვიანი საერთოდ სასწაულია, რადგან რვიანი ფულის, ფინანსების, ძალაუფლების ციფრია. ასეთი კუპიურა უნდა გადაკეცოთ ერთხელ, შეინახოთ საფულეში და გარკვეული პერიოდი არ დახარჯოთ. ეს მეთოდი დაახლოებით 1-2 თვე ძალიან ძლიერად მოქმედებს, შემდეგ კი უკვე ახალი კუპიურით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ და ასე მარტივად განაახლოთ თქვენი ფინანსური თილისმა. უმჯობესია, რომ ასეთ კუპიურაში ნულიანი არ ერიოს.
გააჩნია რიცხვს, თუ როდის გავაკეთებთ ამ ყველაფერს?
ვენგო ლომთაძე: რა თქმა უნდა გააჩნია, მაგალითად, ძალიან კარგია 25 დეკემბერი. არის სხვა ბევრი კარგი თარიღიც, 19 იანვარი, 21 იანვარი, შესაბამისი დღე ყველა თვეში გამოიძებნება.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
“გზაჯვარედინი”. ანზორ ოდიშარია და ვენგო ლომთაძე