LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფაიზერის” სანქციები რუსეთს: კომპანია ქვეყანაში ინვესტიციებს წყვეტს, თუმცა მედიკამენტების მიწოდებას გააგრძელებს

93
1

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია “ფაიზერი” უკრაინაში შეჭრის გამო, საპასუხო ზომებს იღებს და რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს.

ამის შესახებ აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა.

როგორც ოფიციალურ მიმართვაშია აღნიშნული, კომპანია ინვესტიციებს შეაჩერებს, თუმცა რუსეთში მედიკამენტების მიწოდებას განაგრძობს.

კომპანია ამ გადაწყვეტილებას იმ ძირითადი პრინციპებით ხსნის, რომელსაც იცავს:

“კომპანია მიიჩნევს, რომ ჩვენი მედიკამენტების რუსეთში მიწოდების ნებაყოფლობითი შეჩერება პირდაპირ არღვევს ჩვენს ფუნდამენტურ პრინციპს, რომ, პირველ რიგში, დავეხმაროთ პაციენტებს. მედიკამენტების მიწოდების შეწყვეტა, პაციენტებისთვის – კიბოს ან გულ-სისხლძარღვთა თერაპიის ჩათვლით, გამოიწვევს მათ მნიშვნელოვან ტანჯვას და სიცოცხლის პოტენციურ დაკარგვას, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოხუცებში.

თუმცა, ქვეყნისთვის მედიკამენტების კვლავ მიწოდება არ ნიშნავს, რომ რუსეთში ჩვეულ საქმიანობას გავაგრძელებთ.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ “ფაიზერი” ჩვენი რუსული შვილობილი კომპანიის მთელ მოგებას დაუყოვნებლივ მოახმარს უკრაინელი ხალხის  ჰუმანიტარულ დახმარებას.

ასევე, ჩვენ აღარ დავიწყებთ ახალ კლინიკურ კვლევებს რუსეთში და შევწყვეტთ ახალი პაციენტების რეკრუტირებას ქვეყანაში მიმდინარე კლინიკურ კვლევებში. Pfizer იმუშავებს FDA-სთან და სხვა მარეგულირებლებთან ერთად, რათა ყველა მიმდინარე კლინიკური კვლევა რუსეთის ფარგლებს გარეთ, ალტერნატიულ ობიექტებზე განხორციელდეს.

დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ “ფაიზერი” არ ფლობს არც ერთ საწარმოო ობიექტს რუსეთში, ჩვენ შევწყვეტთ ყველა დაგეგმილ ინვესტიციას ადგილობრივ მიმწოდებლებთან, რომლებიც გამიზნულია ქვეყანაში წარმოების გასაზრდელად”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები