ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ფილერებს იყენებენ, “ფაიზერით” ვაქცინის აცრის შემდეგ შესაძლოა გართულებები აღენიშნებოდეთ. აღნიშნული განცხადება მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა.
მისივე განცხადებით, ასეთი შემთხვევები ძირითადად მაშინ ვითარდება, როდესაც ფილერი ადამიანს ვაქცინის გაკეთებამდე, ცოტა ხნით ადრე აქვს გაკეთებული, ეს პერიოდი კი შესაძლოა იყოს ერთი, ორი კვირა, ან ერთი და ორი თვე.
ცერცვაძე ასევე განმარტავს, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ “რეაქციები ლოკალურია და ვითარდება იმ ადგილებში, სადაც ფილერია შეყვანილი. ეს არაა ანაფილაქსია, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის”.
“ფაიზერის“ შემთხვევაში, არსებობს დადასტურებული მაგალითები, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც ფილერებს იყენებენ, შესაძლოა, იყოს გვერდითი მოვლენები, გართულებები. აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეს გვერდითი მოვლენები, ძირითადად, ვითარდება მაშინ, როდესაც ფილერი ვაქცინაციამდე მოკლე დროში, ერთი კვირის წინ, ერთი თვის, ორი თვის წინაა შეყვანილი. აღსანიშნავია, რომ ეს არაა სისტემური რეაქცია. ეს არაა ანაფილაქსია, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. როგორც წესი, ეს რეაქციები ლოკალურია და ვითარდება იმ ადგილებში, სადაც ფილერია შეყვანილი. ძირითადად, ეს ვლინდება შეშუპებითა და ანთებითი მოვლენებით. ის ან თავისით გაივლის ან კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას საჭიროებს. მკურნალობის ძალიან მოკლე კურსის შემდეგ, ეს გართულება უკვალოდ გაივლის. ამიტომ, ფილერების გამოყენება არანაირად არაა ჩვენება “ფაიზერის” ვაქცინით აცრისთვის“ – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.