LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფაქტი, რომ მე დღეს აქ ვარ, ხაზს უსვამს ჩემს მონდომებას, ვიყო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამხედრო კოლეჯის სტუდენტი“ – ქართველი სამხედრო ქალის წარმატების გზა 

1609
ზოი-კურტანიძე

„ფაქტი, რომ მე დღეს აქ ვარ, ხაზს უსვამს ჩემს მონდომებას და მზადყოფნას, ხელმძღვანელობის მხრიდან ხელშეწყობას, ვიყო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამხედრო კოლეჯის სტუდენტი“, – ამბობს „ფორტუნასთან“ საუბრისას უფროსი ოფიცერი ზოია კურტანიძე, რომელიც სულ ახლახან, ესტონეთში, ბალტიის თავდაცვის კოლეჯში ჩაირიცხა.

თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი ოფიცერი გვიამბობს, როგორ გაიარა სამხედრო პროფესიის გზა და გამოიყენა წლობით დაგროვილი ცოდნა 2008 წლის აგვისტოს ომში.

ამასთან, საიდან ან როდის გაუჩნდა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებისადმი განსაკუთრებული ინტერესი და როგორ მიაღწია წარმატებას საჰაერო თავდაცვაში მსახურების დროს.

„21 წლამდე არასოდეს მიფიქრია გავმხდარიყავი სამხედრო, ვიდრე ერთ დღეს სამხედრო რეალურ შოუში არ აღმოვჩნდი. პროექტმა „ყაზარმამ“ ჩემში გარდატეხა მოახდინა.

 

 

სამხედრო პროფესიის განსხვავებულობა და განსაკუთრებულობა იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა, უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, სწავლა სამხედრო აკადემიაში განვაგრძე.

22 წლის ვიყავი, როდესაც ოფიცერი გავხდი. საჰაერო თავდაცვაში ვმსახურობდი, ჩემი პირველი თანამდებობა საზენიტო-სარაკეტო ბატალიონში, ინჟინერ-ოპერატორი იყო. აკადემიაში მიღებული სამხედრო ცოდნის გამოყენება მალევე დამჭირდა, 2008 წლის ომში.

რამდენიმე წლის განმავლობაში ვმსახურობდი საბრძოლო ქვედანაყოფში, მერე საკარიერო გვარეობა შევიცვალე, კარიერული, პროფესიული თვალსაზრისით კიდევ უფრო განვვითარდი და ახლა თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტში ვმუშაობ, უფროსი ოფიცრის თანამდებობაზე“, – ამბობს უფროსი ოფიცერი „ფორტუნასთან“ საუბრისას.

 

 

კითხვაზე, როგორ მოხვდა ბალტიის თავდაცვის კოლეჯში და რამდენად მნიშვნელოვანია მიღებული ცოდნის, უნარების საქართველოში გამოყენება, ზოიამ გვიპასუხა:

„ახლა ესტონეთში, ბალტიის თავდაცვის კოლეჯში ვსწავლობ, გაერთიანებულ სამეთაურო და გენერალური შტაბის კურსზე (JCGSC – Joint Command and General Staff Course). აქ თავდაცვის სამინისტროს პროგრამით ვარ, ოფიცერთა პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელ კურსს გავდივარ.

აღნიშნული კურსის სტუდენტებს საშუალება გვეძლევა პარალელურად ვისწავლოთ ლატვიის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე „სამხედრო ხელმძღვანელობა და უსაფრთხოების კვლევები“ (Military Leadership and Security Studies).

რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობით აუცილებლად ვისარგებლებ, მით უმეტეს, რომ მაგისტრატურაზე სწავლა ისევე დაფინანსებულია, როგორც ბალტიის თავდაცვის კოლეჯში.

 

 

ყოველთვის ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომელიმე ეტაპზე, განათლება საზღვარგარეთ მიმეღო, რაც ნიშნავს კიდევ უფრო განსხვავებული უნარების აღმოჩენასა და განვითარებას საკუთარ თავში, მაგალითად, როგორიც არის ადაპტირება და მოქნილობა, კულტურათაშორისი ურთიერთობების დამყარება, უცხო ენაზე კომუნიკაციის დახვეწა, განსხვავებული პერსპექტივები, უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებით მიღებული ცოდნა, კრეატიულობა და კულტურული ცნობიერების ამაღლება.

 

 

გარდა ამისა, ფაქტი, რომ მე დღეს აქ ვარ, ხაზს უსვამს ჩემს მონდომებას და მზადყოფნას, რომ ვიყო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამხედრო კოლეჯის სტუდენტი“. – უთხრა „ფორტუნას“ ზოია კურტანიძემ.

 

magti 5g