LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფარდა აეხდება საიდუმლოებებს…“ – ნინა ხომერიკის ზოგადი პროგნოზი დღევანდელ მთვარის დაბნელებასთან დაკავშირებით ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის

3047
ნინა ხომერიკი

ასტროლოგი ნინა ხომერიკი გვთავაზობს ვრცელ მიმოხილვას დღევანდელ მთვარის დაბნელებასთან დაკავშირებით და ასევე თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს ამცნობს, რა ელოდებათ მათ ამ დაბნელების შედეგად.

„დღეს, 3 მარტს 15:39 წუთზე თბილისის, ხოლო 11:39 UTG დროით, ქალწულის მე 13* გრ-ში მოხდება რიგით მესამე მთვარის დაბნელება ამ ნიშანში და აგრეთვე სისხლიანი სავსემთვარეობა. პირველი დაბნელება ქალწულის ზოდიაქოში, მოხდა 2025 წლის 14 მარტს და 21 სექტემბერს, ახლა გავივლით რიგირ მესამეს, ხოლო ბოლო დაბნელება ამ ღერძზე გვექნება 2027 წლის 20 თებერვალს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოვლენები, რომლებიც გააქტიურდა 2025 წლის მარტში, არ დაკარგავს თავის აქტუალურობას 2027 წლის თებერვლის ბოლომდე და მხოლოდ ამ პერიოდში დადგება მისი მოვლენების საბოლოო ფინალი.

3 მარტი დახურავს 2026 წლის ზამთრის დაბნელებების პირველ კორიდორს, რაც საკმაოდ რთულ და დატვირთულ კვირას გულისხმობს. ბევრ ადამიანში გამოვლინდება ხასიათის მკვეთრი ცვლილება, შინაგანი შფოთი, რიგ შემთხვევებში უიმედობა, საყრდენის არქონა, იქნება კომუნიკაციების, გაგებისა და გააზრების პრობლემა, იქნება დიდი ემოციები, რასაც ხელს შეუწყობს თავის მხრივ სავსემთვარეობაც, ამიტომ, ეცადეთ, არ მიიღოთ გაუაზრებელი გადაწყვეტილებები და თუ იგრძნობთ, რომ ურთიერთობებში მოიმატებს ტემპერატურა და დაძაბულობა სამსახურში მაქსიმალურად შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ასევე შესაძლოა გაცოცხლდეს ძველი წყენებიც და გახსოვდეთ, რომ ეს არის ერთგვარი კარმული გამოცდა სამყაროსგან, რამდენად გავიზარდეთ სულიერად და შეგვიძლია თუ არა წინსვლა. იქიდან გამომდინარე, რომ დაბნელება ხდება ქალწულის ზოდიაქოში, რომელიც ატარებს სისუფთავისა და წესრიგის ენერგიას, მისი ძირითადი თემა არის გათავისუფლება გარკვეული ტვირთისგან, რომელიც მომავალში აღარ გვჭირდება. ასეთ დროს, ფარდა ეხდება ისეთ საიდუმლოებებს, რასაც გულმოდგინეთ ვცდილობდით, რომ დაგვემალა ან დაგვეიგნორებინა ურთიერთობებში, საქმეებში, აგრეთვე აქტუალური ხდება ჯანმრთელობის საკითხებიც. ჩვენი ცხოვრებიდან წავლენ „ზედმეტი“ ადამიანები, ჩვევები, ასევე პროექტები, ანუ ყველაფერი, რამაც საკუთარი თავი ამოწურა. იქნება გაძლიერებულად ყურადღება გამახვილებული დეტალებზე, ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საბუთებს, კონტრაქტებს, შეთანხმებებს, რადგან ამ დაბნელებას შეხება აქვს რეტროგრადულ მერკურთან, რის გამოც მოსალოდნელია ერთგვარი ქაოსური სიტუაციები, მიწოდების, ტრანსპორტირების, მომარაგების საკითხებში, ანუ ეს დაბნელება დაგვანახვებს პრობლემებს, დისბალანსა და შეცდომებს, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვუშვებდით და შექმნის კრიზის, რისი გავლაც მოგვიწევს.

დაბნელების დროს, თევზების ზოდიაქოს ნიშანში იქნება პლანეტების პარადი, სადაც იდგება მზე, მერკური, ვენერა აღმავალი კვანძი, მარსი, რაც ასტროლოგიურად გულისხმობს დიდი ენერგიების კონცენტრაციას ერთ ნიშანში და განსაკუთრებით აძლიერებს ამ მოვლენის ხარისხს. თევზების შემთხვევში ეს არის: მგრძნობელობა, ემპათია, ემოციები და ინტუიცია, რისი მოსმენაც მოგვცემს შესაძლებლობას სწორად გავიაროთ ეს დაბნელება. ამ ნიშანში, პლანეტების აღლუმი შლის რეალობას და არაცნობიერი ამოდის ზედაპირზე. ეს არის შინაგანი და არა გარეგანი პროცესები, რომელსაც ვერ დავაიგნორებთ და იქიდან გამომდინარე, რომ ამ ზოდიაქოში ყველა სხვა პლანეტასთან ერთად იმყოფება რახუც, ანუ აღმავალი კვანძი, ეს იმას ნიშნავს, რომ, რა ენერგიითაც შევხვდებით და გავატარებთ ამ დაბნელების დღეს, ამ ენერგიას ექნება გავლენა ჩვენს მომავალ 18-წლიანი ცხოვრების ციკლზე, ამიტომაც არ ვჩხუბობთ, არ ვტირით და არ ვვარდებით ემოციებში, პირიქით, აქცენტს ვაკეთებთ დადებით ასპექტებზე, მაგალითად: მზე თევზებში შექმნის ტრინს, ანუ ჰარმონიულ ასპექტს იუპიტერთან, რომელიც დგას კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში, რაც ძალიან პოზიტიურია, რადგან ეს პლანეტა არის კეთილისმყოფელი, რომელსაც მოაქვს წარმატება, გამართლება ყველა წამოწყებაში და ვიგრძნობთ დიდ მხარდაჭერას ისეთ საკითხებში, რომელიც ეხება ჩვენს სახლს, ოჯახს, ემოციურ სიმშვიდეს, უძრავი ქონების საკითხებს, ანუ ეს თემები სასიკეთოდ მოგვარდება.

თევზები არის ყველაზე ბოლო ზოდიაქოს ნიშანი, ანუ ატარებს ნეპტუნის ენერგიას, ანუ იკვრება წრე და სრულდება ერთი ციკლი, იშლება საზღვრები, ფორმები და კონტურები, გვაბრუნებს საკუთარ ქვეცნობიერთან, გრძნობებთან, ემოციებთან, ინტუიციასთან, მოგონებებთან და თუ ასეთ დროს ჩვენ ვცდილობთ რაიმე მკაფიოდ და ნათლად გავაანალიზოთ ან საკუთარ კითხვებზე გავცეთ პასუხები, აუცილებელია დავეყრდნოთ წარსულ გამოცდილებას და ქალწულის ლოგიკას.

რა არ უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს:

ზოგადად ახალმთვარეობისა და სავსემთვარეობის დროს +/-3 დღე ითვლება დაძაბულ პერიოდად, თუმცა, დღეს რადგან გვაქვს მთვარის დაბნელებაც და ის უფრო ახანგრძლივებს ამ რთულ ენერგიებს 2 კვირამდე, არ არის რეკომენდირებული ახალი პროექტის ან სამსახურის დაწყება ან თავის დანებება, ქორწინება, ნებისმიერი სიახლე ამ ეტაპზე მოვა სუსტი სტარტით და იქნება რთულად განვითარებადი, მაქსიმალურად თავი აარიდეთ კონფლიქტებს, ემოციებს, ადამიანებს ექნებათ არასტაბილური რეაქციები, რის ფონზეც შესაძლებელია, აბსოლუტურად სწორ ადგილას შეიქმნას დაძაბულობა, ეს ყველაფერი კი მოიტანს დიდი განხეთქილებას, ამიტომაც გაუფრთხილდით ოჯახსა და ურთიერთობებს. ასევე არ არის მიზანშეწონილი მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, გააფორმოთ სხვადასხვა სახის გარიგება, აწარმოოთ მოლაპარაკებები, აიღოთ კრედიტი, ძალიან დიდი რისკია დაუშვათ შეცდომები, რეტროგრადული მერკური ძალზედ აქტიურია, ამიტომ მოსალოდნელია არეულობა, ქაოსი და შეცდომები საბუთებში, რაც საკმაოდ გაგირთულებთ სიტუაციას. არ გაასესხოთ და არ ისესხოთ ფინანსები, რადგან ამ წუთას მატერიალური ენერგიებიც არასტაბილურია და დიდი შანსია უკან ვერ დაიბრუნოთ თანხები. აგრეთვე უარყოფითი პერიოდია ოპერაციების გასაკეთებლად, ემიგრაციისთვის, მოგზაურობისთვის, ძალიან მაღალია სასიცოცხლო რისკები, გზები არ იქნება წარმატებული და უმჯობესია ეს დრო გაატაროთ ოჯახურ გარემოში, მოიცილოთ უსარგებლო ნივთები, მწყობრში მოიყვანოთ თქვენი სახლი, გააკონტროლოთ თქვენი შემოსავლები, ერთი სიტყვით დაკავდეთ რეორგანიზაციით და დაასრულოთ წარსულში დაწყებული საქმეები, საჭიროების შემთხვევაში განმეორებით გახვიდეთ გამოცდებზე ან წერტილი დაუსვათ პრობლემურ ურთიერთობებს. უსმინოთ თქვენს ორგანიზმს, სხეულს, რადგან დაბნელება ხდება ქალწულის ზოდიაქოში, ეს ნიშანი ხშირად მიგვითითებს ჩვენს სისუსტეებზე, რაც საჭიროებს ყურადღებას. იმ ადამიანებმა ვინც წარსულში დაკარგა რაიმე ნივთი, საბუთი ან პიროვნება, ახლა გეძლევათ მისი პოვნის ან მასზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაგების შანსი. ასეთ დროს შეგიძლიათ თამამად დაალაგოთ სამომავლო გეგმები და ნაბიჯები, რომლის განხორციელებასაც თამამდ შეძლებთ 20 მარტის შემდეგ.

ეს დაბნელება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს იმ ადამიანებზე ვისი პირადი პლანეტებიც განლაგებულია 10-დან 15 გრადუსის ჩათვლით ქალწულის, თევზების, ტყუპებისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნებში.

♈️ ვერძი:

დაბნელება მოხდება თქვენს მე -6-ე სექტორში, ანუ გავლენას იქონიებს თქვენს სამსახურზე, ჯანმრთელობაზე და რუტინაზე. მოგიწევთ მოაწესრიგოთ თქვენი ყოველდღიური გრაფიკი და საქმიანობა, დაკავდეთ სამსახურში არსებული პრობლემების მოგვარებით, ჩახუროთ ვალები, აგრეთვე შესაძლებელია შეცვალოთ ან საერთოდ წამოხვიდეთ სამსახურიდან და საერთოდ გამოცვალოთ მიმართულება. უსმინეთ თქვენს ორგანიზმს, რადგან მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება და ზოგადად, თუ რამეს აკეთებდით მექანიკურად და დაუფიქრებლად დაუსვით კითხვა საკუთარ თავს: რეალურად გჭირდებათ თუ არა ამის გაკეთება მომავალში. ასეთ დროს კარგი იქნება დაემშვიდობოთ თქვენს უარყოფით ჩვევებს და დაამკვიდროთ ახალი რეჟიმი თქვენს ცხოვრებაში. ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია გამოიჩინოთ დისციპლინა, დაალაგოთ სამომავლო გეგმები იმისათვის, რომ დაგილაგდეთ მომავალი.

♉️ კურო:

დაბნელება მოხდება თქვენს მე- 5-ე სექტორში, რაც გულისხმობს შემოქმედებას, შვილებს, გრძნობებს და ემოციებს. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში დასასრულს უახლოვდებოდეს რომანტიული ურთიერთობების ეტაპი, ან ეს ურთიერთობები ითხოვდეს თქვენგან ახალ ეტაპზე გადასვლას, რასაც შეძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენს შორის არსებობდა რეალური გრძნობები და ემოციები. ასევე განახლებას თხოულობს თქვენი ურთიერთობები შვილებთან, შესაძლოა ისინი ითხოვდნენ თქვენგან მეტ თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და ნდობას. მოსალოდნელია შემოქმედებითი კრიზისები, რაც აგრეთვე მოითხოვს მიდგომების ცვლილებას, რის ფონზეც მომავალში გელოდებათ წარმატება.

♊️ ტყუპები:

დაბნელება მოხდება თქვენს მე- 4-ე სექტორში, რაც გულისხმობს ოჯახს, სახლს, უძრავ ქონებას, მშობლებსა და შინაგან ემოციურ მდგომარეობას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაბნელება თქვენი ნიშნისთვის, რადგან ოჯახური ურთიერთობები მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ოჯახური კვანძების გახსენება, სახლთან ან საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული საკითხების გააქტიურება, შესაძლოა ვინმე წავიდეს ოჯახიდან პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობით, ან თქვენ მოინდომოთ მეტი თავისუფლება და ცაკლე გახვიდეთ. მოგიწევთ მოაგვაროთ ძველი ოჯახური საქმეები, ამოტივტივდება წარსული თემები, პრობლემები, რაზედაც აქამდე ოჯახში ცდილობდით არ გესაუბრათ და ახლა, როდესაც ეს ყველაფერი ამოვა ზედაპირზე რა თქმა უნდა არ იქნება სასიამოვნო, მოიტანს კრიზისებს ურთიერთობაში და უსიამოვნო ემოციებს, თუმცა თქვენი ამოცანაა შექმნათ უსაფრთხო გარემო. შინაგანი კონფლიქტის მიზეზი შესაძლოა იყოს ოჯახი, რომელიც ხელს შეუშლის თქვენს კარიერულ განვითარებას ან თავად კარიერა მოითხოვს თქვენგან, რომ დათმოთ ოჯახური კომფორტი, რისი არჩევანის გაკეთებაც მოგიწევთ და აუცილებელია მიიღოთ ბრძნული გადაწყვეტილებები.

♋️ კირჩხიბი:

დაბნელება მოხდება თქვენს მე- 3-ე სექტორში, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს გარემოცვაზე, კომუნიკაციებზე, საბუთებზე, მოგზაურობაზე, სწავლაზე, მშობლებზე და დედმამისშვილებზე. პირველ რიგში მოსალოდნელია იყოთ ძალიან აქტიური, გქონდეთ ბევრი კომუნიკაციები, ბევრი წეროთ, შექმნათ, თუმცა ამ დაბნელებების არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაასრულოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, გაერკვეთ არსებულ ინფორმაციებში, საბუთებში, წერტილი დაუსვათ ძველ საქმეებს, კონტაქტებს, გაცხრილოთ თქვენი უახლოესი გარემოცვა, დაასრულოთ წარსულში დაწყებული კურსები, რომელიც ამ დრომდე დაპაუზებული გაქვთ, თუმცა გამოგადგებათ მომავალში. ასევე ყურადღება გამოიჩინეთ საბუთების მიმართ, ვინაიდან ამ წუთას, მერკური იმყოფება რეტროგრადულ მოძრაობაში და ის პასუხისმგებელია ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე, გადაზიდვებზე, მიწოდებაზე და თუ წარსულში დაშვებული გაქვთ შეცდომები, ამ დაბნელების პერიოდში ყველაფერი ამოვა ზედაპირზე. შინაგანი კონფლიქტი შესაძლოა წარმოშოს საყოფაცხოვრებო წვრილმანებსა და კარიერას შორის გაკეთებულმა არჩევანმა, მთავარია ეს არჩევანი გააკეთოთ გაცნობიერებულად და საკუთარი თავის სასარგებლოდ.

♌️ ლომი:

დაბნელება მოხდება თქვენს მე -2-ე სექტორში, რაც არის ფინანსები, თქვენი რესურსები, როგორც მატერიალური, ასევე ემოციური და ენერგეტიკული, ეს არის პირადი ფასეულობები და თქვენი თვითშეფასება. ახლა შესაძლოა დასრულდეს ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავალი, წავიდეს ერთი შემოსავლის წყარო და მოვიდეს მეორე, ასევე შეძლებთ დაასრულოთ კრედიტი, უნდა გადახედოთ თქვენს ხარჯებს და დააკორექტიროთ თქვენი გასავალი, ზოგიერთი თქვენთაგანი იფიქრებს საკუთარი საქმის დაწყებაზე და ამით გაიჩენს თავის შემოსავალს, ერთი სიტყვით ქალწულში დაბნელება მოითხოვს თქვენგან მოაწესრიგოთ მატერიალური მხარე და გამოიჩინოთ პრაქტიკულობა. თვითშეფასების კუთხიდან გამომდინარე დაიჯერეთ საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების, რადგან თქვენს თვითშეფასებაზე იქნება დამოკიდებული ის შემოსავლები, რომელიც უნდა მოვიდეს მომავალში.

♍️ ქალწული:

ეს დაბნელება ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, რადგან ის ხდება თქვენს პირველ სექტორში, რაც არის თქვენი „ეგო“, პიროვნება, სხეული, იმიჯი, ადგილი საზოგადოებაში, გრძელვადიანი გეგმები და ზოგადად თვითრეალიზაცია. ის მნიშვნელოვან ხაზს ავლებდა თქვენი ცხოვრების 9-18 წლიან ციკლზე და ძალიან კარგი იქნება გააკეთოთ დასკვნები, გაიხსენოთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 9, 18 წლის ან თუნდაც 36 წლის უკან. როგორი ადამიანი იყავით მაშინ, რას მიაღწიეთ ამ ხნის განმავლობაში, როგორ და რა გზებით გადალახეთ წარსული პრობლემები და ბარიერები, რა ისწავლეთ და როგორ გაიზარდეთ. ახლა მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეთ თქვენს იმიჯზე, როლზე, ჩვევებზე, რომელიც ასევე ძალიან ახასიათებს ადამიანს და ახდენს მისი ხასიათის ფორმირებას. ასევე აუცილებელია შეაფასოთ თქვენი ხასიათი და გამოყოთ ის თვისებები, რომელზეც უარი უნდა თქვათ, ანუ ახლა შეგიძლიათ შეხედოთ და შეაფასოთ საკუთარი თავი სხვა თვალით და თუ დაინახავთ, რომ თქვენს გარემოცვაში არიან ისეთი ადამიანები, ვისაც მოაქვს სტაგნაცია, დგება დრო უმტკივნეულოდ გაუშვათ ისინი თქვენი ცხოვრებიდან, იმ შემთხვევაშიც კი თუკი ეს ყველაფერი არ მოგანიჭებთ დადებით ემოციებს. ერთი სიტყვით მოვიდა გაფილტვრის და წმენდის პერიოდი, ნუ დახარჯავთ დიდ ენერგიებს წვრილმანებზე და დააპრიორიტეთ საკუთარი თავი. შინაგანი კონფლიქტის მიზეზი შესაძლოა გახდეს არჩევანი “მე”-ს და “ჩვენ”-ს შორის ანუ მოხდეს თქვენი და პარტნიორის ინტერესების დაპირისპირება და ვინაიდან ეს დაბნელება ხდება თქვენს პირველ სახლში, უმჯობესი იქნება აირჩიოთ საკუთარი თავი, ოცნებები, ინტერესები და პრიორიტეტები.

♎️ სასწორი:

ეს დაბნელება შეეხება თქვენს მე -12-ე სახლს, რაც გულისხმობს საიდუმლოებებს, განმარტოვებას, სიმარტოვის შინაგან განცდას, სამკურნალო კლინიკებს, ფსიქოლოგიასა და ქველმოქმედებას. ეს დაბნელება მოგიტანთ ენეგეტიკულ დისბალანს, სიცარიელეს, ახლა თქვენთვის აუცილებელია დაისვენოთ, განმარტოვდეთ, მოიწესრიგოთ თქვენი ქვეცნობიერი, რადგან ის საკმაოდ დაბინძურებულია. აკონტროლეთ ემოციები, დაიმახსოვრეთ სიზმრები, იმუშავებს წარსულის ინტუიცია, ახლა შეძლებთ გადაიხადოთ ძველი კარმული ვალები, რისთვისაც აუცილებლად მზად უნდა იყოთ ფსიქოემოციურად. შესაძლოა გამოჩნდეს ადამიანი თქვენი 9, 10, 15, 20 წლის უკანდელი წარსულიდან, გაიღვიძოს ძველმა წყენებმა, ემოციებმა, პრეტენზიებმა და ეცადეთ დაეხმაროთ თქვენს თავს შემოქმედებითი კუთხით, ფიზიკური აქტივობით, წყლის პროცედურებით ან გაიაროთ ფსიქოლოგიური თერაპია. კარგი იქნება დაასრულოთ ისეთი საქმეები, რომელსაც ინახავდით საიდუმლოდ და ახლა შეძლებთ მისგან გათავისუფლებას, აგრეთვე იდეალური პერიოდია წერტილი დაუსვათ ტოქსიკურ ურთიერთობებს და კონფლიქტის მიზეზი შესაძლოა გახდეს თქვენი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც თქვენგან მოითხოვს სიმშვიდეს, ხოლო გარე სამყარო აქტიურობას. მნიშვნელოვანია გააკეთოთ სწორი და ბრძნული არჩევანი საკუთარი თავისთვის.

♏️ მორიელი:

დაბნელება ეხება თქვენს მე- 11-ე სახლს, რაც გავლენას ახდენს ჩვენს მეგობრებზე, თანამოაზრეებზე, სოციალურ კონტაქტებზე, სხვადასხვა ჯგუფებზე, პროექტებზე, ოცნებებზე და გრძელვადიან გეგმებზე. იყავით მზად, რომ გაიფილტრება თქვენი სამეგობრო წრე და კომუნიკაციები, რადგან სამყარო ნათლად დაგანახებთ, ვინ არის თქვენი მეგობარი, ან ვინ არის მტერი. ადამიანები უბრალოდ წავლენ თქვენი ცხოვრებიდან, რაც შესაძლებელია მოხდეს კონფლიქტის, ან უბრალოდ გაქრობის ფონზე. ასევე დასასრულს მიუახლოვდება საერთო პროექტები, რაც ურთიერთობებში შექმნის დისტანციებს. ზოგადად, ეს პროცესი, არ არის თქვენთვის ნეგატიური, პირიქით, დგება დრო დაალაგოთ თქვენი ურთიერთობები, სამომავლო გეგმები, სოციალური ქსელი, და საერთოდ, კარგი იქნება თუ შეაფასებთ თქვენს სოციალურ აქტივობას, ხართ თუ არა და გჭირდებათ თუ არა ამ კუთხით განვითარება და რას გაძლევთ ეს აქტივობა. ახლა თქვენ გეძლევათ შანსი გაერკვეთ რა გაინტერესებთ, რა გიტაცებთ, რომელი სფერო და მიმართულება არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და საჭიროებს განვითარებას, რაც გაპოვნინებთ თქვენთვის საინტერესო ადამიანებსა და გარემოცვას. შინაგანი კონფლიქტის მიზეზი შესაძლოა გახდეს ძველ ნაცნობებსა და ახალ ინტერესებს შორის არჩევანი. მთავარია ეს არჩევანი გააკეთოთ გათვითცნობიერებულად და არა ემოციურად.

♐️ მშვილოდსანი:

დაბნელება ეხება თქვენს მე- 10-ე სახლს, რაც გულისხმობს თქვენს კარიერას, სტატუსს, მდგომარეობას, იმიჯს, რეპურაციასა და მიზნებს. ეს მოვლენა მნიშვნელოვანია თქვენთვის იმიტომ, რომ არსებული ენერგია ხაზს უსვამს თქვენს ყველაზე ამბიციურ მიზნებს, რაც გულისხმობს კარიერას. ამ ეტაპზე შესაძლებელია დატოვოთ სამსახური, ან პირიქით გქონდეთ წინსვლები, შეცვალოთ სამუშაო ადგილი, ან დაიწყოთ სრულიად ახალ პროექტზე ან ობიექტზე მუშაობა, რაც ყველაფერი აისახება თქვენს რეპუტაციაზე და ყველაფერი, რაც დაიმსახურეთ წარსულში ან პირიქით დაუშვით შეცდომები, ახლა მიიღებთ ამის შედეგებს, როგორც იტყვიან ყველა მიიღებს დამსახურების მიხედვით. ძალიან მნიშვნელოვანია ღირსეულად დაასრულოთ მიმდინარე საქმეები, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში არ მოეჭიდოთ სავარძელს, ხანდახან ჯობია წახვიდეთ მშვიდობიანად, იმისათვის, რომ შეძლოთ შეინარჩუნოთ კონტაქტები, პატივისცემა, დაფიქრდეთ მომავალზე, დაალაგოთ სამოქმედო გეგმები, დაკავდეთ იმით, რაც ყოველთვის გინდოდათ და ვერასოდეს ვერ მოძებნეთ ამისთვის სათანადო დრო. შინაგანი კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს ოჯახსა და სამსახურს შორის არჩევანი, რადგან ოჯახმა მოითხოვოს თქვენგან მეტი ყურადღება და თქვენ კი გინდოდეთ მეტი დრო და ენერგია დაუთმოთ საქმეს, ამბიციებსა და თვითრეალიზაციას.

♑️ თხის რქა:

დაბნელება ხდება თქვენს მე -9-ე სახლში, რაც გულისხმობს მოგზაურობას, ემიგრაციას, უმაღლესი განათლების მიღებას, მსოფლმხედველობას. იცვლება ძველი ფასეულობები, კარგი პერიოდია დაასრულოთ თქვენს განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, მოაგვაროთ ვიზებთან და უცხოეთთან დაკავშირებული საბუთები და იურიდიული საქმეები. შესაძლებელია აღარ მოხდეს ინტერესთან თანხვედრა თქვენს უახლოეს გარემოცვასთან, კარგი იქნება შეცვალოთ ლოკაცია, წახვიდეთ სამუგზაუროდ ან სასწავლებლად სხვა ქალაქში ან ქვეყანაში, იმისათვის, რომ მიიღოთ ახალი გამოცდილება, შთაბეჭდილებები და ინფორმაცია, რაც დაგეხმარებათ პრობლემების გადაჭრაში ახალი გზების მოძიებაში, რაღაცეების დასრულებაში და ახლის დაწყებაში. შინაგანი კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს თქვენს იდეებსა და ყოველდღიურობას შორის არჩევანის გაკეთების აუცილებლობა. მთავარია ეს არჩევანი იყოს თქვენთვის კომფორტული და პასუხობდეს თქვენს მომავალს.

♒️ მერწყული:

დაბნელება ხდება თქვენს მე -8-ე სახლში, რაც დაკავშირებულია სხვის ფინანსებთან, კრედიტებთან, გადასახადებთან, მემკვიდრეობასთან. ეს არის ფსიქოლოგიური კრიზისების და პიროვნული ტრანსფორმაციის პერიოდი. ამიტომ მზად იყავით, რომ ეს იქნება რთული ენერგიების მომტანი დაბნელება, რაც პირველ რიგში უკავშირდება ფინანსურ ვალდებულებებს, ახლო ინტიმურ ურთიერთობებს და ნდობას. ზოგიერთი თქვენთაგანი შეძლებს დაასრულოს მსხვილი კრედიტის გადახდა ან პირიქით აიღოს ახალი ვალდებულებები, შესაძლებელია დაგიბრუნდეთ ძველი ვალები. ურთიერთობებშიც დგება კარმული ვალების დამუშავების პერიოდი, მოსალოდნელია მკვეთრად იგრძნოთ მიჯაჭვულობა ამ ურთიერთობებზე, გაიღვიძოს ეჭვიანობის ფაქტორმა, რისგანაც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ იმ მერწულებმა, ვისაც აქვს წვდომა სხვის ფინანსებთან, ვინაიდან, ამ პერიოდში, შესაძლებელია ფარდა აეხადოს ბევრ საიდუმლოს, სააშკარაოზე გამოვა თქვენს მიერ წარსულში დაშვებული შეცდომები, რომელიც არ იქნება თქვენთვის სასიამოვნო. შინაგანი კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს, იმიჯისა და რეპუტაციის შესანარჩუნებლად, ახალი ვალების დამატება, ან რეალური ფინანსური მდგომარეობის აღიარება და აგრეთვე ტოქსიკური ურთიერთობების შენარჩუნება ან მათგან გათავისუფლება. მთავარია არ აყვეთ ემოციებს და შეძლოთ ეს არჩევანი გააკეთოთ გონებით.

♓️ თევზები:

დაბნელება ხდება თქვენს მე- 7-ე სახლში, რაც გულისხმობს პარტნიორულ ურთიერთობებს, ქორწინებას, ბიზნესს, მტრებს, მოლაპარაკებებს და ეს პერიოდი ნათლად დაგანახებთ, რას ეფუძნებოდა ურთიერთობები, იყო რეალური თუ ილუზორული, რაც მარტივად შეიძლება დაიმსხვრეს ან პირიქით გაძლიერდეს და გადახვიდეთ ახალ ეტაპზე. აგრეთვე მოგიწევთ რეალურად და ვარდისფერი სათვალის გარეშე შეაფასოთ თქვენი მეორე ნახევარი, მოგეწონებათ თუ არა მისი ახალი სახე და შეესაბამება თუ არა ეს ადამიანი თქვენს მოლოდინებს ამ ყველაფერს გაჩვენებთ მთვარის დაბნელება და მასთან დაკავშირებული უახლოესი პერიოდი. ახლა იდეალური დროა შედგეს ან გაუქმდეს ნებისმიერი სახის მოლაპარაკებები, რადგან სიტუაცია იქნება მაქსიმალურად ნათელი და სიმართლის მომცველი, რასაც დაინახავთ, მოისმენთ ან მიიღებთ სამყაროსგან მინიშნებებს აუცილებლად გაითვალისწინეთ, რადგან თევზებს გაქვთ განსაკუთრებული ინტუიცია, რომელიც მოდის თქვენი ქვეცნობიერიდან, მეტად ენდეთ მას და ის დაგეხმარებათ გააკეთოთ სწორი და მართებული არჩევანი ვისთან ან რომელ მხარეს დარჩეთ მომავალში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g