LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფარდა დაიხურა… „ნუ იტირებთ, მხოლოდ ილოცეთ“ – ეს შენი ბოლო გზავნილია მეგობარო, ჰოდა გპირდები არ ვიტირებ… შეხვედრამდე“ – ქართველი ემიგრანტი მზია წულუკიძე დონარა გვრიტიშვილის გარდაცვალებაზე

358
მზია წულუკიძე და დონარა გვრიტიშვილი

მსახიობი დონარა გვრიტიშვილი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქართველი ემიგრანტი მზია წულუკიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „ქართულმა ემიგრაციამ დაკარგა მსახიობი, რომელიც აღარ თამაშობს ამ სამყაროს სცენაზე, მაგრამ მისი ხმა მაინც ისმის — სითბოს, სიყვარულის  და სინათლის სახით…“.

მზია წულუკიძე წერს, რომ დონარამ „წაიღო ხალხის სიყვარული, მადლიერება და ის სინათლე, რომელიც მხოლოდ ნამდვილი მსახიობების თვალებში ცოცხლობს“.

„სინათლისკენ იარე დე“ – მსახიობი დონარა გვრიტიშვილი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა

„შეხვედრამდე ჩემო ლამაზო გოგო!“ – ნინი შერმადინი დონარა გვრიტიშვილს ემშვიდობება

„ფარდა დაიხურა…💔💔💔

ქართულმა ემიგრაციამ დაკარგა მსახიობი, რომელიც აღარ თამაშობს ამ სამყაროს სცენაზე, მაგრამ მისი ხმა მაინც ისმის —
სითბოს, სიყვარულის  და სინათლის სახით…

ოქტომბერია… ფოთლები ნელა ცვივა დედამიწაზე.

თითოეული ფოთოლი — თითქოს რეპლიკაა, რომელიც ქარმა წაიღო, მაგრამ სურნელი ისევ აქ დარჩა — ნიუ-იორკში, მეგობრებში, ჩვენში.

ჩვენი დონა გაფრინდა…

წაიღო ხალხის სიყვარული, მადლიერება და ის სინათლე, რომელიც მხოლოდ ნამდვილი მსახიობების თვალებში ცოცხლობს.

როცა საქართველოში მიფრინავდა, წინა დღით მეგობრებმა მოვინახულეთ. ოთახში ფრთხილი სიჩუმე დაგვხდა — ისეთი, რომელიც მხოლოდ მაშინ იბადება, როცა დრო ჩერდება და სული თავის ბოლო რეპლიკას ეძებს.

სარეცელზე იწვა… გამხდარი, ფერმკრთალი, მაგრამ თვალებში ისევ ის ჩვეული ელვა ჰქონდა, თითქოს კვლავ სცენაზე იყო, ფარდის უკან — იქ, სადაც მსახიობები საკუთარ თავთან რჩებიან.

თუმცა, იმ ოთახში მე ვეღარ დავინახე სცენაზე მყოფი ქალი, რომელიც ოვაციებს იყო მიჩვეული. ახლა იწვა ქალი, რომელმაც ცხოვრება სცენად აქცია და თავად გახდა მისი ყველაზე მტკივნეული როლი.

მის თვალებში ყველაფერი ერთად იკითხებოდა — დასრულებული სპექტაკლები, დაუბრუნებელი ზარები, დაღლილი სიყვარული, ნაზად შელამაზებული ტკივილი… და მაინც, იმ თვალებში ისევ ელავდა სინათლე — ის სინათლე, რომელიც მხოლოდ ნამდვილ მსახიობს უტოვებს ღმერთი.

მოგვიანებით მის გვერდით ჩამოვჯექი, ხელი მოვკიდე, თვალზე ცრემლი ძვლივს შევიკავე და ჩუმად ვუთხარი:

„შენ ისევ ლამაზი ხარ, დონა…“

ნაზად გაიღიმა, ისე როგორც იცოდა.

მერე თავისი მშვიდი, თითქმის ფარული ხმით მითხრა:

„მზია, ნუ იტირებთ… იცხოვრეთ, იბრძოლეთ, წინ წადით… და როცა გეტკინებათ იცოდეთ ესეც სცენაა, უბრალოდ მაგ დროს სხვა როლში ხართ.“

ეს იყო მისი ბოლო მონოლოგი, რომელიც არც ერთ სცენაზე აღარ განმეორდება, მაგრამ ჩემში უსასრულო აპლოდისმენტივით დარჩა…

შენი ჩემოდანი, სავსეა ფერებით  ჩემო დონა — თეთრი შალი, რომელიც კონცერტებზე ფარავდა შენს მხრებს; სურნელოვანი ნოტები — როგორც შენი სუნამო და ერთი პატარა ბლოკნოტი ჩანაწერით:

„ყველაზე ძლიერი ქალი არის ის, ვინც ტკივილის დროსაც იღიმის.“…

მეგობარო ახლა ის ბლოკნოტი შენს ჩემოდანში დარჩა, მაგრამ ჩვენ მის კითხვას გავაგრძელებთ.

თითოეულ გვერდიდან კი შენი ხმა ისმის: ნაზი, მშვიდი… და იქვე, ჩემოდნის ბოლოს, ბროდვეის შოუს ბუკლეტებია — Phantom of the Opera, Chicago, The Lion King… შენი თვალებით ნანახი სცენები, შენი სულიერი თავშესაფარი.

შენ ხომ მაშინაც სცენით სუნთქავდი, როცა თავად აღარ თამაშობდი, სხვა დარბაზიდან უსმენდი სამყაროს და ალბათ გრძნობდი, რომ ყოველი შუქი შენთვისაც ინთებოდა.

„სცენას კი არ ვტოვებ,“ — თქვი ერთხელ, — „უბრალოდ სხვა დარბაზში გადავდივარ”… სამწუხაროდ  შენს ჩემოდანს ფრთხილად ვკეტავ, დონა… შიგ ვტოვებ სურნელს, შალის სითბოს და ბროდვეის ბუკლეტების ფერად ფურცლებს.

შენი სუნთქვა კი ჯერ კიდევ რჩება ოთახში, ის თბილი სუნთქვა, რომლითაც სიჩუმეც კი თამაშობს როლს… და იქ, ფანჯარასთან, ფოთლები ცვივა…

ისინი შენს მსგავსად ნაზად შორდებიან მიწას, მაგრამ მიწას ისინი უყვარს, რადგან იცის: ფოთოლი თუ არ დაეცემა, გაზაფხულიც ვერ დაბრუნდება.

შენც ასე წახვედი, რომ სიცოცხლე სხვებისთვის დაგეტოვებინა.

შენ ფარდის დახურვის არ შეგშინებია, რადგან იცოდი, რომ მეორე მხარეს სხვა სცენა გელოდებოდა, სადაც ღმერთია მაყურებელი და სიჩუმე – აპლოდისმენტები…

„ნუ იტირებთ, მხოლოდ ილოცეთ “ – ეს შენი ბოლო გზავნილია მეგობარო, ჰოდა გპირდები არ ვიტირებ… შეხვედრამდე 💔💔💔💔

22 ოქტომბერი, ნიუ -იორკი“, – წერს მზია წულუკიძე.

აღსანიშნავია, რომ დონარა გვრიტიშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა.

დო­ნა­რა გვრი­ტიშ­ვი­ლი 1956 წლის 8 ივ­ნისს და­ი­ბა­და. ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი მა­ყუ­რე­ბელ­მა არა­ერთ თე­ატ­რა­ლურ დად­გმა­სა თუ კი­ნო­ში იხი­ლა, მათ შო­რის, მისი ფილ­მოგ­რა­ფი­ი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლია ლე­ვან ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის „ისი­ნი”, რა­მაზ იო­სე­ლი­ა­ნის „მაგ­რამ რა მერე?”, ლე­ვან ან­ჯა­ფა­რი­ძის „არის ასე­თი ქვე­ყა­ნა”, ლე­ვან ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის „თბი­ლი­სი-თბი­ლი­სი” და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g