ფაროსანას გაჭყლეტის შემთხვევაში შესაძლოა, მწერმა ადამიანზე ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, ამის ალბათობა ნაკლებია, თუმცა სიფრთხილე აუცილებელია -ამის შესახებ დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრში განაცხადეს.
ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მწერი დაავადებების გადამტანი არ არის, ის არ კბენს ადამიანს და ცხოველებს.
დაავადებათა კონტროლში დღეს მოსახლეობას ის რეკომენდაციები შეახსენეს ,რომლითაც აზიური მწერის შემცირებაა შესაძლებელი. სპეციელისტებმა აღნიშნეს, რომ სახლის პირობებში მის გასანადგურებლად საუკეთესო ხელსაწყო მტვერსასრუტია. რაც შეეხება სპეციალურ პრეპარატებს, დაავადებათა კონტროლში ამბობენ, რომ მათი შემოწმება წინასწარ უნდა მოხდეს, რათა ხსნარები ადამიანის ჯანმრთელობაზე ცუდად არ აისახოს.
1. გამოიყენეთ კარის ბადეები;
2. გაიტანეთ ყველანაირი მცენარე თქვენი საცხოვრებლიდან, რადგან მცენარეები განსაკუთრებულად იზიდავენ მავნებელს;
3. ეცადეთ დალუქოთ ყველა ბზარი, ნაპრალი და მავნებლის შემოსასვლელი ალტერნატიული ადგილები;
4. თუ თქვენ სახლს აქვს ბუხარი, დახურეთ მისი საკვამური;
5. ფაროსანას შენობიდან მოსაშორებლად, შესაძლებელია, მტვერსასრუტის გამოყენებაც, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მტვერსასრუტს ექნება არასასიამოვნო სუნი.
6. შეგიძლიათ გამოიყენოთ სატყუარა – ღამით, საპნიანი წყლით სავსე ჯამის თავზე, მოათავსეთ ნათურა;
7. აეროზოლის ტიპის ინსექტიციდების გამოყენებით შესაძლებელია ნაპრალებში და ბზარებში არსებული მავნებლების განადგურება. თუმცა, მსგავსი აეროზოლები არ უზრუნველყოფენ მწერისგან გრძელვადიან დაცვას. დახურულ სივრცეებში ინსექტიციდების გამოყენებისას დარწმუნდით, რომ მათი გამოყენება ეფექტიანი და უსაფრთხოა;