პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერის ნებისმიერი ფორმით შენახვა და გავრცელება საქართველოს კანონმდებლობით პატიმრობას ითვალისწინებს.
ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც უკანონოდ მოპოვებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ან პირადად მას ჩაუგდეს, ნებისმიერი ფორმით შეინახავს (ტელეფონში ან კომპიუტერში აპლიკაციით ჩამოწერს, ეკრანზე ვიდეოს გადაუღებს) და შემდეგ სხვა პირებს (მეგობრებს, ნაცნობებს) გაუზიარებს, კანონის შესაბამისად დაისჯება.
საქართველოს კანონმდებლობით კი, ასეთი ტიპის დანაშაული 4-დან 8 წლამდე პატიმრობით ისჯება. (სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილები).
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თუ ამ ფორმით აქვთ შენახული ვიდეოები, წაშალონ და არ გაავრცელონ.
“სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები,” – განაცხადეს ბრიფინგზე, რომელიც შსს-ში გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო კადრები ინტერნეტში გავრცელდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ უკვე 16 პირი დააკავა.