“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ფარული კადრების გავრცელების საქმეზე, პარტიის აჭარის ორგანიზაციის ორი წევრი, დები – ირმა და ინგა ხოროიშვილები დააკავეს.
ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” იმ წევრებმა განაცხადეს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. მათი ინფორმაციით, დაკავებულები სავარაუდოდ, თბილისში გადაიყვანეს და მათი მობილური ტელეფონები ექსპერტიზაზე გადაგზავნეს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების დაკითხვის გამო, მთელი ღამის განმავლობაში პარტიის წევრები პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებოდნენ, სადაც ხმაური იყო, ისინი ხელისუფლებას ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე არ აკეთებს კომენტარს, დაკავებულია თუ არა ფარული კადრების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი.