ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას მას შემდეგ დაიწყებს, რაც ქვეყანაში ინფლაცია შემცირდება. კობა გვენეტაძე ამბობს, რომ 2023 წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში ინფლაციის დონე სამიზნე მაჩვენებელს უნდა დაუახლოვდეს.
„როდესაც ქვეყნდება ინფლაცია, ის არის ინდექსი წლიური ან თვიური. ეროვნული ბანკი არ უყურებს რომელიმე კონკრეტული პროდუქტის ფასს, არამედ მთლიან ინდექსს. ვფიქრობთ, ფასების კლების ტენდენცია, რომელიც არსებობს, გაგრძელდება. დაახლოებით თებერვლიდან უნდა დავინახოთ ინფლაციის კიდევ უფრო მეტად შემცირება და წლის მესამე კვარტალში სამიზნესთან უფრო ახლოს ყოფნა სხვა თანაბარ პირობებში. მოგეხსენებათ, გაურკვევლობა კვლავ მაღალია, აქედან გამომდინარე, პროგნოზების გაკეთება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში რთულია. ვფიქრობ, მას შემდეგ რაც დაინახავს ეროვნული ბანკი, რომ ინფლაციის კლებადი მიმართულება არის მდგრადი და მას საფრთხე არ ემუქრება, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია, შესაძლებელია იმაზე ფიქრი, რომ საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს. შემდეგი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა არის პირველ თებერვალს და ამაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.