LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფასების ზრდა – 2016 წლის გამოწვევა

320

ეროვნული ვალუტის გაუფასურება ფასების ზრდის მთავარი ფაქტორი იყო, ამიტომ ეს პროცესი ინერციით ისევ გაგრძელდება, ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ეკონომიკის ექსპერტმა, რომან გოცირიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მომავალი წლიდან, ლარზე გარკვეული ზემოქმედების მოხდენისა და ფასების ზრდის მთავარი საფრთხე, ქვეყნის ბიუჯეტი იქნება, რომელსაც პარლამენტი წლის ბოლომდე დაამტკიცებს.

„ფასების ზრდის შესაჩერებლად მთავრობას დაბალანსებული ბიუჯეტის პროექტი უნდა მოემზადებინა, რომ დეფიციტი ნაკლები ყოფილიყო, ხოლო ხარჯები ისეთი ფორმით წარმოედგინათ, როგორსაც ფასებზე ნაკლები ზემოქმედება ექნებოდა“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

რაც ეხება, ინფლაციის პროცესში, ეროვნული ბანკის როლს, ეკონომიკის ექსპერტი მიიჩნევს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკის ზრდას ხელს შეუშლის.

„მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იმას ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს სესხის პროცენტი უძვირდებათ, ხოლო ბანკები, თავის მხრივ, ბიზნესს უზრდიან სესხის პროცენტს, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესი იკუმშება და ეკონომიკური ზრდა იზღუდება. ამიტომ როდესაც ეროვნული ბანკი ამბობს, რომ მე მოვახდენ გავლენას ფასების ზრდის შესაჩერებლად, ეს ნიშნავს რომ ეკონომიკის ზრდას შეუშლის ხელს“ – განაცხადა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ეკონომიკის ექსპერტი, რომან გოცირიძე, ვარაუდობს, რომ მომავალი წლის ბოლოს,  ინფლაციის 3%-იან მაჩვენებლამდე შემცირებისათვის, საჭიროა სხვანაირი ეკონომიკური პოლიტიკა. მისი მტკიცებით, მთავრობის  მხარჯველობითი პოლიტიკა ამის საშუალებას არ იძლევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g