ლარი გაუფასურების რეკორდის მოხსნას განაგრძობს. ბოლო კვირაში ეროვნული ვალუტა რადიკალურად გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, დოლარი 2.83 ლარია, კომერციულ ბანკებში და სავალუტო ჯიხურებში კი დოლარის შეძენა 2.90 ლარად არის შესაძლებელი. ეროვნული ვალუტის კურსი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც.
ეროვნული ვალუტის არნახულმა ვარდნამ მორიგი გაძვირება გარდაუვალი გახადა. დისტრიბუტორები დაზუსტებით პროგნოზირებენ, რომ უახლოეს დღეებში პროდუქტებზე ფასები მოიმატებს.
მაშინ, როდესაც ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას ყოველდღიურად განაგრძობს, განგაშის საფუძველს ვერ ხედავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. მისი განცხადებით, ეს მოკლევადიანი რყევაა, რომელიც თავისით დასტაბილურდება.
„ძალიან ყურადღებით ვადევნებთ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს თვალყურს და არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორის ცვლილება არ გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება რაიმე გაუფასურებასთან გვქონდეს საქმე. ეკონომიკა იზრდება, მარტში ძალიან მაღალი, 6%-იანი ზრდა გვქონდა, ექსპორტი იზრდება, შესაბამისად საქმე გვაქვს მოკლევადიან რყევასთან, რომელიც თავისით დასტაბილურდება.“ – განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.
ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ეროვნულმა ბანკმაც. განცხადებაში წერია, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, სავალუტო კურსზე გავლენას კი სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინები ახდენს გავლენას. ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ რეზერვების გამოტანას არ აპირებს, რადგან ეს შოკს უფრო გააღრმავებს და გაუფასურების მასშტაბებს გაზრდის.
„ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების შესახებ ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზეც ისახება. ამ ეტაპზე, რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, თუმცა პირველადი გათვლებით, რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებას წლის დარჩენილ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა დაახლოებით 200-300 მლნ აშშ დოლარამდე იქნება. ეს საგარეო შოკი აისახება საგადამხდელო ბალანსზე და, შესაბამისად, კურსზეც“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ის, რომ ლარის კურისის ვარდნა ბაზარზე შექმნილ პანიკას უკავშირდება საუბრობენ ექსპერტთა წრეებშიც. „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, რომ ამ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი მთავრობის ეკონომიკური გუნდის კომუნიკაციაა ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს სიტუაციის სწორი მართვა.
„ლარის გაუფასურების მიზეზი დიდი ალბათობით არის ის უარყოფითი მოლოდინი, რაც უკავშირდება რუსეთიდან ტურისტების რაოდენობის სავარაუდო შემცირებას, ამან გამოიწვია ბაზარზე ერთგვარი პანიკა. ჩვენ ორგანიზაციაში გათვლები გავაკეთეთ და დიდი დანაკლისი ტურიზმიდან არ იქნება, ამიტომ ეს, რაც ახლა ხდება, არის უბრალოდ პანიკა და ამ პანიკის ჩასახშობად ყველაზე კარგია მოლოდინების მართვა. ჩვენ ვხედავთ კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივებს ტურიზმის კუთხით და ვერ ვხედავთ მთავრობის მნიშვნელოვან ინიციატივებს. სწორი მუშაობის შედეგად ნებისმიერი გამოწვევის მიღება არის აბსოლუტურად შესაძლებელი. ჩვენ პუტინმა შეიძლება ეკონომიკურად დაგვარტყა რაღაც მომენტში, მაგრამ ეს უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად. ამით მან გაგვიკეთა რეკლამა და მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ საქართველო არის კარგი ქვეყანა, არის კარგი ტურისტული მიმართულება. ამ შემთხვევაში ხელისუფლების როლი არის მნიშვნელოვანი, იმ მხრივ, რომ სწორი მართვა ხდებოდეს მოლოდინების, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაცია ქონდეს ბიზნესთან, ბაზრის მონაწილეებთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ იზრუნოს სავალუტო შემოდინებების, ინვესტიციების ზრდაზე“, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ „ფორტუნასთან.“
პუტინმა კარგი რეკლამა გაგვიკეთა, მთავრობა კი შანსის გამოყენებას აგვიანებს
მესმის, რომ ამ დღეებში მთავრობას სხვა თემები ჰქონდა სანერვიულო, მაგრამ ყველა პოლიტიკური თემა შეიძლება გადაგორდეს და ეკონომიკური პრობლემები დარჩეს.
მმართველი გუნდისგან განსხვავებით, არც თუ ისე ოპტიმისტურად უყურებენ შექმნილ ვითარებას კერძო ბიზნესის წარმომადგენლები. დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამბობს, რომ ლარის გაუფასურების გამო იმპორტიორები სერიოზულად დაზარალდნენ და ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი. მისივე განმარტებით, ყველა სახის პროდუქციაზე, რომელიც იმპორტირებულია, ფასების ზრდა გარდაუვალია.
„ასეთი სავალალო მდგომარეობა, როგორიც ახლაა, არასდროს არ ყოფილა. ყოველდღიურად უფასურდება ლარი, განსაკუთრებით დაძაბული პოლიტიკური ფონის გამო და ფაქტობრივად ამას არავინ ყურადღებას არ აქცევს. ამიტომ ბიზნესი ურთულეს მდგომარეობაშია. მარტო ფასების ცვლილება გამოსვალი არ არის. ცვლილება ასე ერთ და ორ დღეში არ ხდება. როდესაც ბიუჯეტი დათვლილი იყო 2,63-დან, ახლა წარმოიდგინეთ რამდენით არის აცილებული ზღვარი და რამდენად ცუდ მდგომარეობაში არიან, რამხელა ზარალს ნახულობს თითოეული კომპანია. ძალიან მნიშველოვანია, რომ ამ პოლიტიკურ მოვლენებს არ გადავაყოლოთ ლარი, შესაბამის სიმაღლეზე უნდა დადგეს ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი, ხელები დაიკაპიწონ მთავრობამაც და ეროვნულმა ბანკმაც. ლარის გაუფასურება თუ მოკლევადიანი პერიოდია, ამ მოკლე პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესი უბრალოდ გაქრება. მსყიდველობითუნარინობაა დავარდნილი და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. რაღაც გეგმა ხომ უნდა არსებობდეს და კომუნიკაცია ხომ უნდა ქონდეთ ბიზნესთან. ბიზნესი არის დაბნეული და პანიკაშია. დაზუსტებით შემიძლია გითხართ, რომ ფასების ზრდა გარდაუვალია. მით უმეტეს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე“, – განაცხადა ივა ჭყონიამ „ფორტუნასთან.”