გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი დაასუბსიდიროს. როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პურზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის.
მისივე განმარტებით, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირებაზე დაახლოებით 10 მილიონ ლარს დახარჯავს.
„ფასი განვსაზღვრეთ ფიქსირებული 53 ლარით. წისქვილებისთვის არის პირობა, რომ ამ ფასზე მეტად არ გაყიდიან პირველი ხარისხის ფქვილს, რომელიც პურის ცხობაში გამოიყენება. 53 ლარი იქნება ფქვილის 50 კილოგრამიანი ტომრის ფასი. სახელმწიფო სუბსიდია იქნება ტომარაზე არაუმეტეს 10 ლარისა. წისქვილები სხვადასხვა ფასს შემოგვთავაზებენ, გარკვეული კონკურენციაც იქნება, რომ სახელმწიფოს ნაკლები თანხა დაუჯდეს და შედეგი იგივე მივიღოთ, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს. დაახლოებითი ბიუჯეტი შეფასებულია, რომ თვეში 2-2.5 მილიონი ლარია და დაახლოებით მთელი პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია“,-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.