25 აპრილს 13:00 საათიდან, ღვინის ცენტრში „საძველე“ (პეტრიაშვილის #1), ღვინის სკოლის „ვინემო“ და ორგანიზაციის „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ ორგანიზებით, მეღვინე ქალების ღვინის პირველი ფესტივალი ჩატარდება.
ანა გოდაბრელიძე, ღვინის ექსპერტი:
– „Femina Vina“ ყოველწლიური ფესტივალი იქნება. ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოში წარმოებული ღვინოები იქნება წარმოდგენილი, სამომავლოდ კი ღვინის მწარმოებელი უცხოელი ქალების მოწვევას ვგეგმავთ.
ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ მეღვინე ქალებს, ამ მცირე მეწარმეებს, დავაფასოთ მათი შრომა, გავაცნოთ ისინი როგორც მომხმარებლებს, ისე ჰორეკა სექტორს, რომელიც მათი პოტენციური დამკვეთი უნდა იყოს.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. გარდა იმისა, რომ ჩატარდება მასტერკლასი, გაისინჯება და შეფასდება მონაწილეების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია და გამოვლინდება საუკეთესო კლასიკური თეთრი, ქარვისფერი და წითელი ღვინოები, ასევე საუკეთესო ეტიკეტის მქონე ღვინოები.
გამარჯვებული ღვინო მონაწილეობას მიღებს წლევანდელ Asia Wine Trophy-ზე, რომელიც აზიაში ყველაზე დიდი ღვინის კონკურსი გახლავთ, ანუ ქართული მცირე მარნის ნაწარმი უკვე საერთაშორისო ასპარეზზე შეფასდება.
