ათობით ფერის უჩვეულო ნაზავი, ჭრელი ხალიჩასავით გაფენილი ფერდობები და ჩანჩქერებისა და მდინარეებისა ხმაურთან შერწყმული ფერადი ფოთლების შრიალის ხმა. სხვა რა არის საჭირო ნამდვილი შემოდგომის შესაგრძნობად. საქართველო მრავალფეროვანი ბუნებით რომ გამოირჩევა ამაზე არავინ დავობს და არა მხოლოდ გამოირჩევა გაგაოცებთ კიდეც მისი ყოველი კუთხე იმდენად განსაკუთრებული და გამორჩეულია. თუკი ფერების ორომტრიალში საოცარი სანახაობის და თვალწარმტაცი ფოტოების გადაღება გსურთ რაჭის საშემოდგომო ტურის დაგეგმვა შეიტანეთ თქვენს გეგმებში.
ეს კუთხე თავისი საოცარი ბუნების გარდა მისი ტკბილი და სტუმართმოყვარე ხალხით კიდევ უფრო შეგაყვარებთ თავს. მოინახულეთ ყველაფერი სადაც ხელი და ფეხი მიგიწვდებათ,თუმცა არ უნდა გამოტოვოთ მისი მნიშვნელოვანი მშვენებები,რომლებიც ამ სეზონზე გამორჩეული ფოტოების გადაღების საშუალებას მოგცემთ და ბედნიერი ემოციით აგავსებთ.
„ბონ ვოიაჟი” რაჭაში გეპატიჟებათ:
გზად მიმავალს ცალკე დღესასწაული გელით ათასფერად შეფერილი ხეების ხეივანში გაკვალულ გზატკეცილზე.
ზღაპრულია შაორის ტბა-რაჭის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია.შაორის წყალსაცავი უდიდესია რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1100-1200 მ-ზე. წყალსაცავი შერეული ფოთლოვანი ხეებით დაფარულ ქვაბულშია მოქცეული, რომელიც წარმოიშვა მდინარე შაორის დაგუბებით. ტბის სიგრძე 7.1 კმ-ია, მაქსიმალური სიგანე 2.7 კმ, უდიდესი სიღრმე კი 14.5 მეტრია.
რა თქმა უნდა აქაურობა ნიკორწმინდის უნახავად არ უნდა დატოვოთ, მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. ამ ფერდობიდან საოცარი ხედები იშლება რაჭის სოფლებზე.
ეწვიეთ სიყვარულის ჩანჩქერს, რომელი გულის ფორმის მღვიმეზე გადმოედინება. ის ამბროლაურის შესასვლელში შეგხვდებათ.
საინტერესო სანახაობაა საყინულეს მღვიმე.
საყინულე — ბუნებრივი გამოქვაბული რაჭაში,ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიკორწმინდიდან 3 კმ-ში, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე. გამოქვაბულში გვხვდება ყინულის სტალაქტიტები, სტალაგმიტები, საუკუნოვანი ყინულის სვეტები.
კლდეში შეჭრილ ღრმა გამოქვაბულში,წლის ნებისმიერ დროს ტემპერატურა ნული გრადუსია, კლდიდან გამონაჟონი წყლის წვეთები კი მიწაზე დაცემისთანავე ყინულად იქცევა.ალბათ მიხვდებით საიდან მოდის მისი სახელწოდებაც. ეს ადგილი ნიკორწმინდის მოპირდაპირე მხარეს 3 კმ-ში მდებარეობს.
თუკი რაჭის სილამაზე უფრო მეტად გსურთ შეიგრძნოთ ზემო რაჭას ესტუმრეთ. ღები, გონა, ჭიორა, გლოლა ეს იმ ნაწილის ჩამონათვალია,რომელიც მძაფრ ემოციებსა და ლამაზ სანახაობას გპირდებათ.