ქართული მუსიკის ფესტივალი „მუს-სკივრი“ სადებიუტო 2020 წლიდან, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, წელს – კვლავ შეხვდება მსმენელს. – ამის შესახებ „მუს-სკივრის“ განცხადებაში ვკითხულობთ.
„ჩვენი სურვილი და ფესტივალის მთავარი მიზანი, რასაკვირველია, არის ქართული მუსიკის პოპულარიზება და ამასთანავე – იმ ფონზე, როდესაც მსმენელი განებივრებულია სხვადასხვა ჟანრის მუსიკის ფესტივალით, ქართულ მუსიკას ჰქონდეს საკუთარი სივრცე, სადაც ის საკუთარ სიტყვას იტყვის და შემოინახავს.
ქართული მუსიკალური სკივრი სავსეა ისეთი საგანძურით, როგორიცაა: რევაზ ლაღიძის, ბიძინა კვერნაძის, გია ყანჩელის, სულხან ცინცაძისა და მრავალი სხვა, კლასიკოსი ავტორის მუსიკა. სწორედ ამ სკივრში ინახება შედევრები, რომელიც არასდროს კარგავს მნიშვნელობას, აქტუალობას და რომელიც ასე უყვარს მსმენელს.
საბედნიეროდ, ქართული მუსიკა და დიდი ქართველი ავტორები მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წარსულს არ უკავშირდება და ჩვენც ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც თანამედროვე მუსიკოსები ისეთივე თავდადებითა და სიყვარულით ემსახურებიან ქართულ მუსიკას.
ჩვენი მიზნებიდან ერთ-ერთი მთავარი სწორედ ესაა – სკივრი, რომელიც ინახავს ქართული მუსიკის საგანძურს, მუდმივად იყოს ცოცხალი, ახალი სახელები, ჩვენი თანამედროვეები მიემატონ იმ სახელებისა და გვარების სიას, რომლებიც ასე გვიყვარს და რომელთა გამოც ასე ვამაყობთ.
ფესტივალი გაიხსნება სწორედ „მუს – სკივრის“ საგანძურით, უკვე არსებული, ტრადიციად გადაქცეული მუსიკით, შემდგომი დღეები კი სრულიად დაეთმობა წლის პროექტსა და წლის ავტორს. ფესტივალის დასასრულს, მოყვება დაჯილდობა.
„მუს-სკივრი“ გეპატიჟებათ 25 და 28 სექტემბერს!
ფესტივალის გახსნა – 25 სექტემბერი
მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი და ოპერის კამერული ორკესტრი
ინსტრუმენტული ბენდი – ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, დიტო საკანდელიძე
სოლისტები – ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, გიორგი სუხიტაშვილი
ფესტივალის დამფუძნებელი – კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი
ფესტივალზე დასასწრები ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ მითითებულ ბმულეზე: https://biletebi.ge/kartuli-musikis…/kartuli-musikis-fest
გელოდებით დიდი სიყვარულით!“ – აღნიშნულია განცხადებაში.
