LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიცის დადების ღონისძიებები სვანეთში, ფარავნის ტბაზე და ნეკრესთან გაიმართება, თავისუფლების მოედანზე კი ჯავშანტექნიკა გამოიფინება – სამზადისი 26 მაისისთვის

80
Untitled design (3)

1991 წლის 26 მაისიდან მოყოლებული, წელს უკვე 30-ედ, საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება.

დღეს თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია იმართება.

სამზადისზე თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა ისაუბრა და განაცხადა, რომ პანდემიის გამო, წელს ღონისძიება მოკრძალებულად გაიმართება, თუმცა წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჯავშანტექნიკა, ღონისძიება კი სუ-25-ის ტიპის გამანადგურებლების გადაფრენით დაიხურება:

“დღეს თავდაცვის ძალების დანაყოფები 26 მაისთან დაკავშირებით გენერალურ რეპეტიციას გადიან. მინდა წინასწარ მივულოცო მთელს საქართველოს 26 მაისი და განსაკუთრებით თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას, რადგან თავდაცვის ძალები სწორედ ის დანაყოფია, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას უზრუნველყოფს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ხვალ 247 რეკრუტი დადებს ფიცს საზეიმო ვითარებაში. კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით წელს ძალიან მოკრძალებულად არის წარმოდგენილი 26 მაისის ღონისძიება. თუმცა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჯავშანტექნიკა, ასევე ღონისძიება დაიხურება სუ-25-ის ტიპის გამანადგურებლების გადაფრენით.” – თქვა გოგოჭურმა.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა, თათა სვანიძემ განაცხადა, დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება 11:00 საათზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა, 20:00 საათზე კი ოპერისა და ბალეტის თეატრში გალა-კონცერტი გაიმართება:

“გასაგები მიზეზების გამო, წელს 26 მაისი განსხვავებული იქნება. პროტოკოლის დაცვით, თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონია გაიმართება, რომელიც ასევე 5 სხვადასხვა რეგიონიდან იქნება პირდაპირი ჩართვით. ღონისძიება 11:00 საათზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ღონისძიებაზე წელს გადაიფრენენ სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც საქართველოს დროშის ფერებში ბოლს გაუშვებენ.

14:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გენერალ კვინიტაძის გამოსვენების ღონისძიება გაიმართება, რომელიც სამხედრო წესით დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში. 20:00 საათზე ოპერისა და ბალეტის პროფესიულ თეატრში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა.” – თქვა სვანიძემ.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, წელს სამხედრო ფიცის დადების ღონისძიებები ისეთ ლოკაციებზეც გაიმართება, სადაც არასდროს ყოფილა – სვანეთში, ფარავნის ტბაზე – ფოკასთან, ასევე მცხეთაში, თბილისში, აჭარასა და კახეთში – ნეკრესთან.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე 1991 წლიდან აღინიშნება.

magti 5g