„ტვ პირველის“ მფლობელი ვატო წერეთელი მაუწყებლობის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მისი ტელეკომპანიის დაჯარიმებას ეხმიანება და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ერთმანეთს უკავშირებს.
როგორც ის ამბობს, ფილმები, რომლის გამოც „ტვ პირველი“ დაჯარიმდა, ოფიციალურად ჰქონდათ შესყიდული და ამის დამამტკიცებელი საბუთებიც არსებობს.
კომუნიკაციების კომისია განცხადებას ავრცელებს
„ტვ პირველი“ დააჯარიმეს
„ჯერ იყო კიბერშეტევით ტვ პირველის ეთერიდან გაქრობის საფრთხე, რაზეც გამოძიების პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
ახლა, მარეგულირებელმა 23 ათასით დაგვაჯარიმა ეთერში გაშვებული ლიცენზირებული ფილმების გამო. ეს ფილმები ტელევიზიამ ოფიციალური კონტრაქტით შეისყიდა, მაგრამ მარეგულირებელმა მაინც დაგვაკისრა ჯარიმა.
ტელევიზიას, რომელიც მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით არსებობს და ბიუჯეტთანაც პირნათელია, ამგვარი ფაქტები სერიოზულ ზიანს აყენებს. არის თუ არა ეს შემთხვევითი იმ ფონზე, რაც ამ ტელევიზიის გარშემო ბოლო პერიოდში ვითარდება, თავად განსაჯეთ! ეს ტელევიზია მაინც არ გაითიშება!“ – წერს ვატო წერეთელი.
ჯარიმას ეხმიანება ინგა გრიგოლიაც. როგორც ის ამბობს, მარეგულირებელი ტელევიზიას აჯარიმებს იმ ფილმების გამო, რომელიც “ტვ პირველის” პარალიზებისას გაუშვეს.
“ამასობაში,იმის ნაცვლად რომ შესაბამის სტრუქტურებს ცოტა ხნის წინ ჩვენს ტელევიზიაზე განხორციელებული კიბერშეტევა გამოეძიებინათ, მარეგულირებელმა გადაწყვიტა დაგვაჯარიმოს იმ კონტენტის გამო, რაც პარალიზებული ტელევიზია რომ არ გაგვეთიშა, მოვახეხეთ გაგვეშვა ეთერში. მიდით, ბიჭებო!!!! სულ არ ჩანს კუდები იმ ყველაფერში ,რასაც ჩვენს ტელევიზიას უკეთებთ! მაინც ვერაფერს გვიზამთ!” – წერს ის.
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია ,,პირველი” ეთერში მხატვრული ფილმების არამართლზომიერი ჩვენების გამო, 23 513.21 ლარით დააჯარიმა.
,,კომპანიის მხრიდან კანონდარღვევის ჩადენის დენადი ხასიათის გამო, აღნიშნული ოდენობის ჯარიმა მაუწყებელს, კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ოდენობით, კომპანიის წლიური შემოსავლის 0.6 % დაეკისრა.
2019 წლის 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ „ტვ პირველის“ ეთერში ნაჩვენებია ფილმები, რომლის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიას არ გააჩნია. კომისიის მხრიდან არაერთი მცდელობისა და კომპანიისთვის დამატებითი ვადის მიცემის მიზნით კომისიის სხდომების გადადების მიუხედავად, ტელეკომპანიამ აღნიშნულ ფილმებზე შესაბამისი დოკუმენტაცია არ წამოადგინა”- აცხადებენ კომისიაში
“ჩვენ მოვიგებთ ომს, გაძლევთ გარანტიას, ტელევიზიას არავის დავუთმობთ” – ინგა გრიგოლია
