LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმზე მუშაობა 150 დღე გაგრძელდა, არავინ ელოდა, რომ ფანტასტიკური დრამა პირველსავე უიკენდზე გაქირავების ლიდერი გახდებოდა, საერთო ჯამში კი, 335 მილიონს მოაგროვებდა –  დევიდ ფინჩერი, ბენჯამინ ბატონის იდუმალებით მოცული ისტორია

1314
ბენჟამინ ბატონი

ფანტასტიკური დრამა “ბენჯამინ ბატონის იდუმალებით მოცული ისტორია”, რომელმაც პრესტიჟულ პრემიებთან ერთად სოლიდური წარმატებაც მოიპოვა გაქირავებაში, თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს დევიდ ფინჩერის ყველაზე თამამ ეკრანიზაციად, რადგან რეჟისორმა ახლებურად, მეტად სუბიექტურად გაიაზრა ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის 1920-იან წლების ბესტსელერად ქცეული მოთხრობა და სრულიად განსხვავებული, რაც მთავარია, მოულოდნელი ვერსია შესთავაზა მაყურებელს.

 

 დევიდ ფინჩერი 

ფინჩერმა ჯერ კიდევ 1990–იანი წლების დასაწყისში მოიპოვა პოპულარობა ნოვატორული სარეკლამო რგოლებითა და მუსიკალური კლიპებით. სწორედ მისი ავტორობით შეიქმნა მადონას ვიდეოები სიმღერებზე Express Yourself, Vogue და Bad Girl, კლიპი ჯორჯ მაიკლს კომპოზიციაზე Freedom ’90 კი, თავად მუსიკოსმა აღიარა საუკეთესოდ საკუთარ შემოქმედებაში.

მხატვრულ კინოში ფინჩერის დებიუტი 1992 წელს შედგა სამეცნიერო–ფანტასტიკური ფილმით “უცხო 3” და მართალია, 30–წლიანი კარიერის მანძილზე მხოლოდ 20–მდე ფილმი დადგა ტრილერების “შვიდის”, „მებრძოლთა კლუბის” და ჰოროსკოპის“ ჩათვლით, მაგრამ თვითმყოფადი სტილისა და ინდივიდუალური ხელწერის წყალობით მაინც დაიმსახურა თანამედროვე კინოს საკულტო რეჟისორის სტატუსი .

 

 განსხვავება მოთხრობასა და ფილმს შორის 

ფიცჯერალდის “ბენჯამინ ბატონის ისტორიას”, რომელიც ფილმს დაედო საფუძვლად ფინჩერი მეგობრის, პროდიუსერ ფრენკ მარშალის წყალობით გაეცნო და მის სიღრმისეულ ფილოსოფიასთან ერთად მასშტაბური მხატვრული შესაძლებლობებითაც აღფრთოვანდა.

მართალია, ლიტერატურულმა პირველწყარომ მხოლოდ რამდენიმე გვერდი შეადგინა, მაგრამ „ოსკაროსანი“ სცენარისტების ერიკ როტისა და რობინ სვაიკორდის დახმარებით, ფინჩერმა თითქმის 200–გვერდიან სცენარად აქცია და არა მხოლოდ ბენჯამინ ბატონის 80-წლიანი ცხოვრება აღწერა დეტალურად, არამედ ახალი პერსონაჟებიც გამოიგონა და სწორედ მათი ისტორიების თავმოყრით გაამართლა ფილმის 3-საათიანი ქრონომეტრაჟი.

რეჟისორმა პირველ რიგში მოქმედების დრო შეცვალა და სწორედ ბენჯამინის დაბადებით აღნიშნა პირველი მსოფლიო ომის დასასრული. განსხვავებულად გამოიყურება თავად მთავარი პერსონაჟიც, რადგან მოთხრობაში ის მაღალი ხშირწვერიანი მოხუცია, რომელსაც ასაკის მიუხედავად მაინც ყველა პატარა ბავშვივით ექცევა. ამასთანავე, ფიცჯერალდის ბატონი ჯერ კავეულით მოვაჭრე მამის კომპანიონი ხდება, მერე გენერლის ქალიშვილზე ქორწინდება, ოჯახური ბიზნესის შვილისთვის გადაცემის შემდეგ კი, დიდი ხნის ოცნებას ისრულებს და მასაჩუსეტსში მიემგზავრება ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად.

მართალია, ეკრანული პროტოტიპის მსგავსად, ლიტერატურული ბენჯამინიც უკუღმა ცხოვრობს და ახალშობილი კვდება ფინალში, მაგრამ მისი ისტორია სრულიად განსხვავებული მოვლენების და პერსონაჟების ფონზე ვითარდება, რადგან ფიცჯერალდმა საკუთარი ეპოქა ასახა, 1900–იანი წლების საზოგადოება გააქილიკა და ერთგვარი სატირა შექმნა, ფინჩერმა კი, სრულიად განსხვავებული თემები წამოწია წინა პლანზე და უფრო რომანტიკულ–ლირიული ნაწარმოები შესთავაზა მაყურებელს.

 

 „მრავალსახოვანი“ ბენჯამინ ბატონი 

ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით, ბენჯამინ ბატონმა უკუსვლით იცხოვრა, უკუღმა შეიძინა გამოცდილება და უკუღმა განიცადა ყველა სიხარული თუ წყენა. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა მისი, როგორც ფილოსოფიური პერსონაჟის განსახიერება რთული და მეტად შრომატევადი.

მართალია, ფინჩერი, რომელიც ფილმებზე “შვიდი” და “მებრძოლთა კლუბი” მუშაობისას დარწმუნდა პიტის შესაძლებლობებში, დიდხანს ირწმუნებოდა, რომ მსახიობი დამოუკიდებლად შეძლებდა რთული მისიისთვის თავის გართმევას, მაგრამ საბოლოოდ მაინც პროდიუსერების გადაწყვეტილებას დაჰყვა, რომელთაც ასაკის შესაბამისად მიანდეს რამდენიმე მსახიობს მთავარი პერსონაჟის განსახიერება .

საბედნიეროდ, ფინჩერის შიში, თითქოს ამგვარი მონაცვლეობა ნეგატიურად აისახებოდა ფილმის საერთო ატმოსფეროზე, არ გამართლდა. მეტიც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბენჯამინ ბატონი რამდენიმე მსახიობის – პიტერ ბადალამენტის, რობერტ ტაუერსის და ტომ ევერეტის, სპესერ დენიელსის, ჩანდლერ კანტერბერის და ჩარლი ჰენრი უილსონის ერთობლივი ნამუშევარია.

შემცვლელების სიმრავლის მიუხედავად, ბრედ პიტს მაინც მოუწია მთავარი პერსონაჟის ერთგვარი “ნიღბის” მორგება და გაწაფული გრიმიორების ყოველდღიური, თითქმის ხუთსაათიანი მუშაობის საკუთარ თავზე გამოცდა. კოლეგებს არ ჩამორჩნენ არც სპეცეფექტების ოსტატები, რომელთაც გრემ კენონის და ერიკ ბარბას ხელმძღვანელობით შექმნეს ურთულესი და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სახე კინოს ისტორიაში.

 

 ქეით ბლანშეტი 

ბენჯამინის რჩეულის, დეიზის როლი ავსტრალიელმა მსახიობმა ქეით ბლანშეტმა მოირგო, რომელმაც ისტორიულ დრამაში “ელიზაბეტი” შესრულებული მთავარი როლით მოიპოვა აღიარება, ფინჩერის ფილმში კი, სწორედ პიტის წყალობით მოხვდა, რომელმაც რეჟისორთან ერთად პროდიუსერებიც დაარწმუნა, რომ ერთის მხრივ, თანდაყოლილი ელეგანტურობის, მეორეს მხრივ, სითამამის წყალობით ბლანშეტი ზუსტად მოერგებოდა ახალგაზრდა, თავისუფლებისმოყვარე მოცეკვავის როლს და არც შეცდა, რადგან 2009 წელს ბლანშეტი „სატურნის“ პრემიაზე იქნა ნომინირებული საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში.

 

 ფილმის წარმატება 

ფილმზე მუშაობა 150 დღე გაგრძელდა, პრემიერა კი, 2008 წლის 25 დეკემბერს გაიმართა და ყველას გასაკვირად ერთგვარ საშობაო ჰიტად იქცა, რადგან არავინ ელოდა, რომ ფანტასტიკური დრამა პირველსავე უიკენდზე გაქირავების ლიდერი გახდებოდა, საერთო ჯამში კი, 335 მილიონს მოაგროვებდა და ერთი–ორად აანაზღაურებდა ავტორების დანახარჯს.

აღსანიშნავია, რომ ბრწყინვალე  გრიმიორების, მხატვრებისა და სპეცეფექტების ოსტატების წყალობით, 2008 წელს „ბენჯამინ ბატონმა“ ამერიკული კინოაკადემიის 3 პრემია მოიპოვა, ერთი წლის შემდეგ კი, “ოქროს გლობუსით” დაჯილდოვდა, საუკეთესო სცენარის, რეჟისორის, ფილმის და მამაკაცის მთავარი როლის ნომინაციაში.

ერთი ფილმის ისტორია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g