LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფროსზე უკეთ ჩაცმა – ფინანსების სამყაროში „მოდური დანაშაული“?

150
ფოტოსესია

ოთხი ახალგაზრდა უოლ-სტრიტელი ფინანსისტის ფოტოსესიამ ჟურნალისთვის „Interview“ ნიუ-იორკის საბანკო წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია – და ამის მიზეზი მხოლოდ ხმაურიანი სათაური არ ყოფილა: „გაიცანით ყველაზე ელეგანტური ახალგაზრდა ფინანსიტები“.

ფოტოსესიას ინტერნეტში მიმები მაშინვე მოჰყვა. ინსტაგრამის ერთმა მომხმარებელმა Loro Piana-ს კოსტიუმებიან, Hermès-ის ჰალსტუხებიან და Bvlgari-ს საათებიან ფინანსისტებზე ისიც კი დაწერა, რომ „ისინი მამების კოსტიუმებში გამოწყობილ ბავშვებს ჰგვანან“.

თუმცა „მოდური დანაშაული“, რომელმაც უოლ-სტრიტზე მწვავე რეაქცია გამოიწვია, სხვა რამ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მხოლოდ ფოტოსესიისთვის იყო ჩაფიქრებული, ახალგაზრდა პროფესიონალებმა ფინანსური სამყაროს ერთგვარი დაუწერელი წესი დაარღვიეს: არასოდეს ჩაიცვა შენი სტატუსის დონეზე მაღლა და მით უმეტეს, არასოდეს აჯობო უფროსს ჩაცმულობით.

„ახალგაზრდა ვიცე-პრეზიდენტებს თავმომწონება არ შეშვენით“, „ლუქს კლასის ნივთების ტარება მხოლოდ დაწინაურების შემდეგ შეგიძლია“ – წერდნენ სოციალურ ქსელებში. ასევე ყურადღებას ამახვილებდნენ ფინანსისტების ჩაცმულობის ეტიკეტზე, კერძოდ: პერანგი უნდა იყოს ლურჯი ან თეთრი; Ferragamo-ს ჰალსტუხები მიუღებელია; Gucci-ს ლოფერები კოსტიუმთან ერთად არ უნდა ჩაიცვა; ასევე, არ არის მიღებული ფრანგული მანჟეტები.

მოდის სტილისტი და კომპანიის „Wardrobe Whisperer“ დამფუძნებელი ჯესიკა კადმუსი, რომელიც უოლ-სტრიტის პროფესიონალებთან და სხვა გავლენიან კლიენტებთან მუშაობს, ამბობს, რომ სიმდიდრის დემონსტრირება უარყოფითად აღიქმება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი თანამშრომლები აკეთებენ. „მნიშვნელოვანია გამოიყურებოდე სუფთად და ელეგანტურად, თუმცა თვალშისაცემი ბრენდირება უნდა აირიდო,“ – აღნიშნავს იგი.

ქალებს ჩაცმის თვალსაზრისით შედარებით მეტი თავისუფლება აქვთ, თუმცა გარკვეული წესები მათზეც ვრცელდება. „უმჯობესია დაელოდო მინიმუმ ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას, სანამ სამსახურში Chanel-ის, YSL-ის ან Hermès-ის ჩანთით გამოცხადდები“, – დასძენს კადმუსი.

ჟურნალის „Interview“ სტატიაში ნათქვამია, რომ ფოტოსესიისთვის ფინანსისტები პლატფორმაზე „LinkedIn“ იპოვეს. როგორც ირკვევა, მათგან ორი კომპანიაში „Goldman Sachs“ მუშაობს, სადაც ეს ფოტოსესია გაოცებით განიხილეს.

„Goldman Sachs“-ში ასე არავინ იცვამს“, – თქვა ერთმა თანამშრომელმა. „თუ კლიენტთან შეხვედრა გაქვს, მაშინ კოსტიუმს იცვამ. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ის საჭირო არ არის. „Goldman“-ში დამკვიდრებული ტრადიცია – არ იყოს ყველაფერი თვალშისაცემი – დღემდე ძალაშია. ჩვენ ირგვლივ მუშაობენ ადამიანები, რომელთა ქონება ასობით მილიონ დოლარს აღწევს, მაგრამ ისინი ჩვეულებრივ ლურჯ კოსტიუმს ატარებენ. ეს კოსტუმი შეიძლება იყოს Dior-ის ან Brooks Brothers-ის, მაგრამ შენ ამაზე წარმოდგენაც კი გაქვს“.

ახალბედა ფინანსისტებისთვის საუკეთესო რჩევა აქვს მოდის დიზაინის კონკურსის „Project Runway“ მკაცრ, თუმცა სამართლიან მენტორს ტიმ განს: „დააკვირდით გარემოს და შესაბამისად მოიქეცით. სამუშაო გარემოში ზედმეტად ფორმალურად ჩაცმა აშკარად გამაღიზიანებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა გუნდის უმცროსი წევრი ხარ. ამ დროს უფროს თანამშრომლებს შეიძლება გაუჩნდეთ კითხვა: რატომ ხარ აქ? რატომ უნდა დაგაწინაუროთ? რატომ უნდა მოგემატოს ხელფასი, თუ ასე აშკარად იწონებ თავს ძვირად ღირებული ნივთებით?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g