LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა იმ ორგანიზებული ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დააკავა, რომელიც მერძევეობის დარგის სუბსიდირებიდან 4 მილიონ ლარზე მეტს უკანონოდ დაეუფლა

110
გამოძიება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ-სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის სახით გამოყოფილი თანხების მართლზომიერად ხარჯვის კანონიერების შესწავლას.

საგამოძიებო სამსახურმა 2025 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დააკავა, ხოლო შვიდი პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.

საქმეზე 1000-ზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება ჩატარდა. მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა მოიპოვეს „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის“ სახელმწიფო პროგრამით დაინტერესებული 219 ბენეფიციარის შესახებ ინფორმაცია, რომელთაც შესთავაზეს პროგრამით გათვალისწინებული გრანტის გარანტირებულად მიღება, სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაციის მოწესრიგება და თანამონაწილეობის თანხით უზრუნველყოფა, სანაცვლოდ კი ბენეფიციარებს მოსთხოვეს და გამოართვეს სააგენტოდან გრანტის სახით ჩარიცხული თანხები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბენეფიციარებისათვის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“-ს მიერ გრანტის სახით გამოყოფილი  12 935 750 ლარიდან, პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 8 824 695 ლარი, ხოლო დანარჩენ 4 111 054 ლარს ორგანიზებული ჯგუფის წევრები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და საოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ-სოფლის განვითარების სააგენტოსგან, დამატებით, კიდევ ერთი პროგრამით – სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოს მოწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გრანტის სახით მიიღეს, ჯამში, 1 559 739 ლარი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. დანაშაულებრივი ქმედებების სისრულეში მოსაყვანად, ბრალდებულებმა დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი სასაქონლო ზედნადებები, ინვოისები და აუდიტორული დასკვნები.

დანაშაულებრივი გზით მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა შეიძინეს და მათთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების სახელზე გააფორმეს უძრავი ქონებები და სატრანსპორტო საშუალებები, რაც გამოძიების პროცესში სრულად დაყადაღდა.

გამოძიების ამ ეტაპზე უკვე დადასტურებულია ბრალდებულების მხრიდან ბიუჯეტის კუთვნილი 5 670 793 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 3 008 906 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი. სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი.

ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ა(ა)იპ-სოფლის განვითარების სააგენტოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, 2025 წლის ივლისსა და აგვისტოში, დაკავებულია 13 პირი, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების და ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი და სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი.

ინტენსიურად გრძელდება გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის, მათ მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებრივი ქმედებებისა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის  დადგენის მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

Dio magti 5g