საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად რეცეპტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული კახეთის რეგიონში მოქმედი კერძო „ფსიქო-დიაგნოსტიკის და ფსიქო-კორექციის ცენტრის“ დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. დაკავებული, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ფულადი თანხის სანაცვლოდ, შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გარეშე, სისტემატურად გასცემდა ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად განკუთვნილ ყალბ რეცეპტებს.
ბრალდებული დააკავეს რეცეპტის გასაღების ფაქტზე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 და 268-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ მუშაობას, ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად რეცეპტის დამზადება-გასაღების ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით.