საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2025 წლის მაისში, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილების ხუთი ფაქტი გამოავლინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა პირის მიერ, საბაჟო გამშვები პუნქტების „სარფის“ და „სადახლო საავტომობილოს“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს, ჯამში 920.46 გრამი ძვირფასი ქვებით გაწყობილი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, ასევე, გამოვლინდა საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ გავლით, 62 ცალი, 24.2 კარატი ბრილიანტის საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის მცდელობის ფაქტი.
ამოღებულია, ჯამში, 941.53 გრამის ოდენობის ძვირფასეულობა, რომელთა საბაჟო ღირებულება 234 412 ლარს შეადგენს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.