საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნავთობის საბაჟო წესების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგვის ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა, ტერმინალის რეზერვუარებში არსებული, 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 000 000 ლარს აღემატება, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს.
ბრალდებულებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტების განკარგვის ფაქტის შესანიღბად, საბაჟო ტერმინალის რეზერვუარებში განათავსეს გამოსაყენებლად უვარგისი, ნავთობის დაბინძურებული ნარჩენები.
საქმეზე ინტენსიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენისა და კონტრაბანდულად შემოტანილი ნავთობის შემდგომი განკარგვის ფაქტების გამოვლენის მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.
