LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადა ახლოვდება – რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა – „გრანთ თორნთონის“ რეკომენდაციები

796
ვახტანგ ცაბაძე

ცვლადი ბიზნესგარემოდან გამომდინარე, კომპანიებისთვის სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ისეთი სპეციალისტების მომსახურების საჭიროება, რომლებიც იდეალურად გაართმევენ თავს ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მით უფრო, რომ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 1 ოქტომბერი არის ის თარიღი, როდესაც უკლებლივ ყველა კომპანია ვალდებულია წარდგენილი ჰქონდეს ფინანსური ანგარიშგება.

გრანთ თორნთონი“ სწორედ ის კომპანიაა, უფრო ზუსტად კი, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელი, რომელიც საჯარო, თუ კერძო კომპანიებს მთელი რიგი გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვან სერვისებს სთავაზობს, მათ შორის ფინანსური ანგარიშგების მომზადებას.

ვახტანგ ცაბაძე, „გრანთ თორნთონ საქართველოს“ მმართველი პარტნიორი:

– საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეგულირების სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები 2016 წელს დაიწყო, როდესაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონი მიიღეს. აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, კომპანიები ოთხ ზომით კატეგორიად იყოფა კომპანიის აქტივების რაოდენობის, შემოსავლებისა და თანამშრომელთა რაოდენობის მიხედვით. პირველ-მეორე კატეგორიის საწარმოებს, მესამე-მეოთხე კატეგორიისგან განსხვავებით, ანგარიშგების წარდგენაც ევალებათ და აუდიტის ჩატარებაც. ამასთან, პირველი კატეგორია საკუთარ ფინანსურ ანგარიშგებას ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) მიხედვით უნდა ამზადებდეს. მეორე და მესამე კატეგორიას მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის დაცვა ევალებათ, ხოლო მეოთხე კატეგორიის საწარმოებს საკუთარი, ბევრად მარტივი სტანდარტი აქვთ. ანუ ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები და აუდიტის მოთხოვნები განსაზღვრულია კომპანიის ზომითი კატეგორიის და კომპლექსურობის მიხედვით. არსებობს ცალკე კატეგორია – საზოგადოებრივი დაინტერესების პირები (სდპ), რომელიც დამოკიდებულია არა ზომაზე, არამედ საქმიანობის სფეროზე. ეს არის, ძირითადად, ფინანსური სექტორი – ბანკები, მიკროსაფინანსო და სადაზღვევო კომპანიები.

– რეგულაციის ძალაში შესვლიდან 8 წელი გავიდა, რა შეცვალა მან ჩვენს ბიზნესგარემოში?

– ცვლილება მართლაც თვალსაჩინოა. ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ყოველდღე გვაქვს შეხება ანგარიშგებებთან, აუდიტთან და ვხედავთ, როგორ იცვლება ბიზნესგარემოში სიტუაცია ანგარიშგებასთან დაკავშირებით, თუმცა მხოლოდ ჩვენს აღქმაზე რომ არ ვილაპარაკოთ, სტატისტიკაც მოვიშველიოთ. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ვებგვერდის მიხედვით, 2017 წელს (ანგარიშგების წარდგენის პირველ წელს) ანგარიშგება, დაახლოებით, 120 კომპანიას ჰქონდა გასაჯაროებული, 2023 წელს კი უკვე, დაახლოებით, 77 000-ს. ამ 77 000-დან უდიდეს ნაწილს მეოთხე კატეგორიის საწარმოები წარმოადგენენ, რომლებიც ყველაზე პატარები და ყველაზე ბევრნი არიან. დანარჩენები პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოებია, რომლებიც მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს წარმოადგენენ და ანგარიშგება სულ დაახლოებით 7000-მა ასეთმა საწარმომ წარადგინა. სტატისტიკასთან ერთად შეცვლილია გამჭვირვალობისადმი დამოკიდებულებაც, რაც კომპანიების მფლობელებს უკვე უფრო საიმედო ფინანსური ანგარიშგების მიღების საშუალებას აძლევს.

– შესაძლებელია თუ არა, გამოვყოთ რომელიმე სეგმენტი, რომელიც ყველაზე უფრო კეთილსინდისიერად აწარმოებს ფინანსურ ანგარიშგებას და აქვე ვიკითხავ, რამდენ ხანში ერთხელ უნდა წარადგინონ ის კომპანიებმა?

– ანგარიშგების წარდგენა ხდება ყოველწლიურად, განსაკუთრებულ შემთხვევებში, რეგულაციებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ნახევარ წელიწადში ერთხელაც. ანგარიშგების წარდგენის თვალსაზრისით ყველაზე მოწესრიგებული მაინც საფინანსო სფეროა, რადგან ამ სფეროს წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო სტანდარტებით ანგარიშგების მოთხოვნა ბევრად უფრო დიდი ხნის წინ – 24 წლის წინ დაიწყო. ამ 8 წლის მანძილზე ანგარიშგების ხარისხობრივ ნაწილსაც რომ შევხედოთ, და არა მხოლოდ რიცხვებს, ასევე თვალშისაცემია ზრდა. მაგრამ ხარისხობრივი ზრდა არ არის ისეთი შთამბეჭდავი, როგორც რაოდენობრივი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ რეგულაცია ჯერ კიდევ მხოლოდ რეგულაციად აღიქმება და არა დამატებითი სარგებლის მომტანად.

– მოდით დავაკონკრეტოთ, რა სარგებელზეა საუბარი, რატომ არის მნიშვნელოვანი, ბიზნესმა წარადგინოს გამართული, რეგულაციების შესაბამისი ფინანსური ანგარიშგება და აქვე ვთქვათ, კომპანიებისგან რამდენად გაიზარდა ანგარიშგების წარმოებისთვის საჭირო სპეციალისტებზე მოთხოვნა და თავად ბაზარი რა სერვისებს სთავაზობს ბიზნესს ამ მიმართულებით გამოწვევებზე საპასუხოდ?

– კომპანიების ფინანსური მიმართულების თანამშრომლების კვალიფიკაციის დონე, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ნამდვილად აწეულია. მიზეზი არის ისიც, რომ ისინი, საწარმოებში დასაქმებამდე, გამოცდილებას აუდიტორულ კომპანიებში იძენენ.

რაც შეეხება ფინანსური ანგარიშგებისგან მიღებულ სარგებელს, მენეჯმენტისთვის სრული, საიმედო, სტანდარტების მიხედვით მომზადებული  ანგარიშგება იძლევა საშუალებას, რომ ფაქტებზე დაფუძნებული, სწორი ანალიზი გააკეთოს და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს შემდგომში კომპანიის ზრდისთვის, თუ სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. ფინანსური ანგარიშგება არ არის მხოლოდ ბუღალტერია, ის ბევრ მოთხოვნას აერთიანებს. მაგალითად, რეგულაცია პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებს სთხოვს არა მხოლოდ ფინანსური ანგარიშგების, არამედ მმართველობითი ანგარიშგების მომზადებასაც, რომელიც მოიცავს რისკების ანალიზს, კომპანიის გეგმებს, კომპანიის პოლიტიკას – როგორ ურთიერთობს თანამშრომლებთან, კლიენტებთან. მალე შემოვა ვალდებულება გარემოსდაცვითი კუთხითაც. ანუ წლიური ანგარიში არის ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ რიცხვები.

ალბათ, ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ანგარიშგების წარდგენის რაოდენობისა და ხარისხის ზრდა კარგია, თუმცა ჩამორჩენაა ანგარიშგების მომზადების ვადებში. არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ კომპანიების უმრავლესობა სექტემბრის ბოლოს ტვირთავს ანგარიშგებას, რაც, ერთი მხრივ, გასაგებია – ეს დამატებითი შრომა დაკისრებულია, ძირითადად, ბუღალტრებზე, რაც, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არ არის სწორი, რადგან ფინანსური ანგარიშგება არ არის მხოლოდ ბუღალტრის საქმე. ბუღალტერიას სცილდება ის ინფორმაცია და ანალიზი, რაც ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა იყოს მოცემული.

დღეისთვის პირველი, მეორე და მესამე ზომის საწარმოების მხოლოდ 4%-ს აქვს წარდგენილი 2023 წლის ანგარიშგება, რაც ნიშნავს, რომ ამ კატეგორიების საწარმოების 96% ანგარიშგებების წარდგენას დარჩენილ მოკლე დროში აპირებს.

მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური ანგარიშგებები მომზადდეს დროულად და არ დაველოდოთ 1 ოქტომბერს. ამიტომაც ჩვენ და ჩვენი კოლეგები, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიები, საწამოებს, რომლებსაც ფინანსური ანგარიშგების მომზადება საკუთარი ძალებით, შემჭიდროებულ ვადებში უჭირთ, სპეციალურ, კომპილაციურ სერვისს ვთავაზობთ, რაც ფინანსური ანგარიშგების პროფესიონალურ დონეზე მომზადებას ნიშნავს. ჩვენთან, „გრანთ თორნთონში“, ანგარიშგებების წარდგენის ბოლო ვადის მოახლოებასთან ერთად, ყოველწლიურად იქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც სწორედ მჭიდრო ვადებში მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნაზეა ორიენტირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g