ერთ-ერთი განმარტების მიხედვით, ფინანსური მენეჯმენტი კომპანიის რესურსების მართვის ხელოვნებაა, რომლისთვისაც, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მთავარი უნარი ანალიტიკაა.
გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ კომპანიის „გრანთ თორნთონ საქართველოს“ ბიზნეს კონსულტანტი, ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილებების დირექტორი მაგდა ელისაშვილი და ბიზნეს კონსულტანტი გიორგი ტაბატაძე საუბრობენ ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებზე, კერძოდ, რა მნიშვნელობა აქვს ფინანსების ეფექტურ მართვას, რა გამოწვევებს აწყდებიან ამ მხრივ ქართული კომპანიები და რა შესაძლებლობები არსებობს ბაზარზე.
⭕ ფინანსების ეფექტური მართვის მნიშვნელობა⭕ – ფინანსური მენეჯმენტი სტრატეგიული ფუნქციაა, რომელიც კომპანიის ფინანსური რესურსების დაგეგმვას, ანალიზსა და კონტროლს აერთიანებს. 👉 – ფინანსური მენეჯმენტის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს კომპანიის გრძელვადიანი მდგრადობა, კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ფინანსური მოქნილობის გაუმჯობესება. ⭕ – ფინანსების ეფექტურ მართვის შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ საუბრობენ კომპანიის „გრანთ თორნთონ საქართველოს“ ბიზნეს კონსულტანტები მაგდა ელისაშვილი და გიორგი ტაბატაძე.
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Thursday, June 12, 2025
– გიორგი, რას ნიშნავს ფინანსური მენეჯმენტი და როგორ განსაზღვრავთ მის როლს ბიზნესში?
– ფინანსური მენეჯმენტი სტრატეგიული ფუნქციაა, რომელიც კომპანიის ფინანსური რესურსების დაგეგმვას, ანალიზსა და კონტროლს აერთიანებს. მისი მთავარი მიზანია, უზრუნველყოს კომპანიის გრძელვადიანი მდგრადობა, კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ფინანსური მოქნილობის გაუმჯობესება.
ფინანსური მენეჯმენტი რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს აერთიანებს, ესენია: ბიუჯეტირება, ფულადი ნაკადების მართვა, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი, კაპიტალის სტრუქტურის დაგეგმვა და საინვესტიციო პროექტის შეფასება. აღნიშნული კომპონენტები აუცილებელია ბიზნესის გრძელვადიანი წარმატებისთვის და სასურველია, რომ ისინი გაითვალისწინონ კომპანიების ხელმძღვანელებმა.
– მაგდა, ფინანსური მენეჯმენტის კუთხით, როგორი მდგომარეობაა ქართულ ბაზარზე, რა ფინანსურ გამოწვევებს აწყდებიან საქართველოში მოქმედი კომპანიები დღეს?
– ქართულ ბაზარზე ფინანსური მენეჯმენტის პრაქტიკა განვითარების პროცესშია. წარმატებული კომპანიები ფინანსური მართვის მოდერნიზებას, თუმცა კვლავ სჭირდებათ კვალიფიციური მხარდაჭერა სტრატეგიული დაგეგმვის, კონტროლისა და ანალიზის მიმართულებით. სამწუხაროდ, ბევრ კომპანიაში ფინანსური მენეჯმენტის ფუნქცია აღქმულია მხოლოდ აღრიცხვიანობის ნაწილში, რაც ნიშნავს, რომ აქცენტი კეთდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე და არა მენეჯერულ ანალიზზე. გვაქვს ხოლმე შემთხვევები, როდესაც კომპანიის ხელმძღვანელს ან ფინანსურ მენეჯერს ძირითადი აქცენტი, ფინანსურის ნაცვლად, საგადასახადო რისკებზე გადააქვს. მცირე და საშუალო ბიზნესში ხშირია შემთხვევები, როცა არც ფინანსური დირექტორი ჰყავთ და არც ბიუჯეტირების სისტემაა დანერგილი, რაც იწვევს კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან დაშორებას და გრძელვადიანი პერსპექტივის დავიწყებას.
როდესაც კომპანია საკმარის ყურადღებას არ უთმობს ფინანსურ მენეჯმენტს, შემდეგი ძირითადი გამოწვევები იკვეთება:
– მაგდა, რატომ ვერ იყენებს ბევრ ქართულ კომპანიაში დირექტორი/მენეჯერი ფინანსურ ანალიზს ეფექტურად?
– მიზეზები მრავალფეროვანია, თუმცა მათ შორის გამოვყოფდი ორს – არასაკმარის მონაცემებს – კომპანიებში ხშირად არ ხდება ფინანსური ინფორმაციის სტრუქტურირებული ფორმით დამუშავება და წარმოჩენა და უნარების ნაკლებობას – მენეჯერებს, შესაძლოა, არ ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა ან ინსტრუმენტები ანალიზის სწორად ინტერპრეტაციისთვის. ასევე, ქართული ბაზრისთვის დამახასიათებელია, რომ კომპანიები უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი მოკლევადიან გადარჩენაზე და ინტუიციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაზე, ვიდრე რაციონალური და მონაცემებით გამყარებული გადაწყვეტილებების, რაც გრძელვადიანი წარმატებისთვის არის მნიშვნელოვანი.
– გიორგი, როგორ ეხმარება ფინანსური მენეჯმენტი მმართველ რგოლს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში და კონკრეტულ მაგალითსაც ხომ ვერ გაგვიზიარებდით, როდესაც აღნიშნულმა სერვისმა ბიზნესს რეალური სარგებელი მოუტანა?
– ფინანსური მენეჯმენტი მმართველ რგოლს კომპანიის რეალურ სურათს აძლევს, კერძოდ, სად არის ფინანსურად ძლიერი და სუსტი წერტილები, რამდენად მომგებიანია კონკრეტული მიმართულება ან პროდუქტი და სად შეინიშნება რესურსების არაეფექტური გამოყენება. როცა მმართველ რგოლს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ფინანსური მენეჯერისგან ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის, ბიუჯეტის, რეალური ფულადი ნაკადების პროგნოზისა, თუ სხვა საკითხების შესახებ, მას შეუძლია მიიღოს ინფორმირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კომპანიისთვის ოპტიმალური სტრატეგიის შესახებ – იქნება ეს ხარჯების შემცირება, სერვისის განახლება/გაუმჯობესება თუ ახალი ბაზრის ათვისება.
წლების განმავლობაში ბევრ, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებთან გვიმუშავია. მახსენდება ერთ-ერთი წარმოების სექტორში ოპერირებადი კომპანია, რომელსაც არ გააჩნდა ეფექტური ფინანსური კონტროლის მექანიზმები. ჩვენი ჩართულობის შემდეგ შემუშავდა ხარჯთეფექტიანობის მონიტორინგის სისტემა, მომზადდა მიზნობრივი ბიუჯეტები და გაუმჯობესდა ფულადი ნაკადების ყოველდღიური მართვა. მაგალითად, ხარჯთეფექტიანობის შესაფასებლად სრულად შევისწავლეთ ხარჯების სტრუქტურა, პროდუქტის თვითღირებულების კომპონენტები და შედეგად განხორციელდა ხარჯების გადანაწილება ან, რიგ შემთხვევებში, შემცირება. რაც შეეხება, ფულადი ნაკადების მართვის პროცესს, დავამყარეთ აქტიური კომუნიკაცია კომპანიის მომწოდებლებთან და მივაღწიეთ შეთანხმებას ვალდებულებების დაფარვის ვადებთან მიმართებაში, რამაც შეამცირა ლიკვიდურობის რისკები. შედეგი იყო შთამბეჭდავი: მხოლოდ პირველი სამი თვის განმავლობაში ხარჯები შემცირდა 18%-ით, გაუმჯობესებდა გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე და ინვესტორებთან კომუნიკაცია, რაც აისახა დამატებითი დაფინანსების მოზიდვაში.
– მაგდა, როგორია „გრანთ თორნთონ საქართველოს“ მიდგომა, როდესაც კომპანიას ფინანსური მენეჯმენტის სერვისს უწევთ?
– თანამშრომლობა იწყება ბიზნესის დიაგნოსტიკით – ვაფასებთ მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობას, შიდა პროცესებს, მონაცემების ხელმისაწვდომობას და არსებული რისკებს. შემდეგ ვადგენთ მომსახურების ჩარჩოს: რა ტიპის ანალიზებია საჭირო, როგორ უნდა განხორციელდეს ბიუჯეტირება, რა სიხშირით უნდა მოხდეს ანგარიშგება. წარდგენა ხორციელდება მენეჯმენტთან პრეზენტაციის სახით, ანალიზის დეტალური გაშლით. დანერგვა ხდება ეტაპობრივად, გუნდის გადამზადებით და შიდა პროცესების გადახედვით. ბოლო პუნქტია ყოველთვიური მონიტორინგი იმისთვის, რომ ჩვენ მიერ დანერგილი პრაქტიკა წარმატებით გაგრძელდეს და თუ საჭირო იქნება ცვლილებებიც შევიტანოთ, პროცესები უფრო გავაუმჯობესოთ, რადგან ბაზარი ყოველდღიურად იცვლება. ერთი სიტყვით, ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ანგარიშგების მიწოდება, არამედ მდგრადი სისტემის ჩამოყალიბება.
– გიორგი, რა ტიპის კომპანიებისთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამ სერვისის გამოყენება?
– არ არსებობს კომპანია, რომელსაც ფინანსური მენეჯმენტი არ სჭირდებოდეს, მაგრამ ჩვენი სერვისი განსაკუთრებით აქტუალურია კომპანიებისთვის:
– რა იქნებოდა თქვენი მთავარი გზავნილი ქართულ ბიზნესისთვის დღეს?
– ფინანსური მენეჯმენტი ბიზნესის ყოველდღიურობის ნაწილი უნდა გახდეს, რადგან ის კომპანიის მდგრადი და წარმატებული განვითარების საფუძველია. ფინანსური მონაცემების საფუძველზე მართული ბიზნესი უფრო მოქნილია კრიზისების დროს, მეტად მომგებიანია გრძელვადიან პერიოდში და მეტად გამჭვირვალეა, რაც ქმნის უკეთეს საინვესტიციო პერსპექტივებს.
არ დაელოდოთ კრიზისს, ფინანსური მენეჯმენტის მნიშვნელობაზე რომ დაფიქრდეთ. დღესვე დაიწყეთ მსგავსი სისტემების დანერგვა, კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბება, რადგან ფინანსების პრევენციული, სისტემური მართვა კონკურენტული უპირატესობის მოპოვების საშუალებაა და არა უბრალოდ შიდა ფუნქცია.