ქართულ ბაზარზე ხშირად ვხვდებით კომპანიებს, რომლებიც ზრდას გეგმავენ, ინვესტორებთან ან ბანკებთან თანამშრომლობას აპირებენ, მაგრამ რეალური ფინანსური სურათი სანდოობის, გამჭვირვალობისა და მზაობის კუთხით სხვა რამეს გვაჩვენებს. რატომ უჭირთ დღეს ქართულ ბიზნესებს რეალური ფინანსური სურათის დანახვა, ამ საკითხის გარკვევაში „გრანთ თორნთონი“ დაგვეხმარება, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელი, რომელიც საჯარო თუ კერძო კომპანიებს, მთელი რიგი გამოწვევების საპასუხოდ, მნიშვნელოვან სერვისებს სთავაზობს.
მაგდა ელისაშვილი, „გრანთ თორნთონ საქართველოს“ ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილებების დეპარტამენტის დირექტორი:
– ფინანსური სანდოობა, გამჭვირვალობა და ფინანსური მზაობა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესის განვითარებისა და წარმატებისთვის. თუმცა ხშირად პრაქტიკაში ვხვდებით ისეთ სიტუაციებსა და პროცესებს, როდესაც მენეჯმენტსა და დაინტერესებულ მხარეებს უჭირთ, სწორად შეაფასონ ბიზნესის მდგომარეობა და დაინახონ რეალური ფინანსური სურათი.
რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე გავამახვილებ ყურადღებას, უპირველესად, მონაცემების შეგროვებისა და გაერთიანების პროცესებს აღვნიშნავ – კომპანიებს, რომლებიც არ იყენებენ ERP სისტემებს და აქვთ ავტომატიზაციის დაბალი დონე, მათთვის უფრო გართულებულია ამ მონაცემების ერთ სივრცეში თავმოყრა და უწევთ, გარკვეული ჩანაწერები ხელით შეასრულონ, რა დროსაც დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა. შედეგად, ირღვევა მთლიანი პროცესი და მონაცემების არასათანადო, არადროული ჩანაწერები უკვე ფინანსურ სურათს აფუჭებს. ასევე მნიშვნელოვანია ფინანსური ანალიტიკის ნაკლებად გამოყენება ყოველდღიურობაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ბიზნესი, შესაძლოა, მხოლოდ ბუღალტრულ შედეგებს აკვირდებოდეს და არ იყენებდეს ფინანსური ანალიზის ტექნიკებს, რაც დაეხმარებოდა მას, რომ ბიზნესის მთელი მოდელი, სრული სურათი სწორად აღექვა. ამიტომაც ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანია, შეისწავლონ კომპანიის ფულადი სახსრების ქცევა, სპეციფიკა, სეზონურობაზე დამოკიდებულება, რათა სწორად დაიგეგმონ და სწორი პროგნოზები აკეთონ. ასევე საყურადღებოა, რომ ბევრი კომპანია ნაკლები კომპეტენციის ან უფრო მეტად საქმის გამარტივების კუთხით, არ მისდევდეს საერთაშორისოდ აღიარებულ ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებს, რაც, თავის მხრივ, არღვევს ანგარიშგების სტრუქტურას. ასევე, შესაძლოა, ოპერაციები არასწორად კლასიფიცირდეს და დაინტერესებული მხარისთვის მომზადებული ფინანსური ანგარიშგება არასწორად იყოს აღქმული. ამიტომაც, უპირველესად, აუცილებელია, დალაგდეს და მოწესრიგდეს ეს სააღრიცხვო პოლიტიკა. თუ დეპარტამენტებს შორის არ არის კომუნიკაცია, რომელიც ხელს შეუწყობს სწორ დოკუმენტბრუნვას, დოკუმენტების დროულად მომზადებას, მიწოდებას შესაბამის განყოფილებებთან, თუ ეს პროცესები დარღვეულია, მონაცემებიც ვერ გროვდება დროულად და საბოლოო ჯამში, არასწორ ფინანსურ სურათს ვიღებთ.
– რატომ არის ფინანსური გამჭვირვალობა აუცილებლობა და არა არჩევანი?
– ფინანსური გამჭვირვალობა არ არის უბრალოდ კარგი პრაქტიკა, ეს არის ბაზრის მოთხოვნა ბიზნესის მიმართ. ფინანსური გამჭვირვალობა უდრის ნდობას ბიზნესის მიმართ – აქ იგულისხმება მმართველი რგოლის ნდობა დეპარტამენტებისადმი, ნდობა ინვესტორების მხრიდან, საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან. ნდობის მოპოვება ბიზნესისთვის რთული და ხანგრძლივი პროცესია, ამ გზაზე კი ფინანსური გამჭვირვალობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ დღეს ბაზარი ბიზნესისგან სწრაფ გადაწყვეტილებებსაც ითხოვს – თუნდაც საფინანსო ინსტიტუტებს არ აქვთ საკმარისი დრო და რესურსი იმისთვის, რომ მონაცემები ამოწმონ, შესაბამისად, ფინანსური გამჭვირვალობის უქონლობა სესხის გაცემის პროცესს ახანგრძლივებს, ეს კი ბიზნესისთვის ზიანის მომტანი ხდება გრძელვადიან პერიოდში. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ინვესტორები დღეს ითხოვენ არა მხოლოდ წარსული შედეგების შესახებ ინფორმაციას, არამედ დაგეგმარებით ნაწილზეც და პროგნოზებსაც, ვთქვათ, მომდევნო 3-5 წლისთვის. თუ წარსული შედეგები არის გამჭვირვალე და სწორად შეგვიძლია მისი ანალიზი, დაგეგმვაც მარტივი ხდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ ბიზნესი ფეხს არ აუწყობს საკანონმდებლო ცვლილებებს ან აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც ასევე ცვალებადია, მას გაუჭირდება რეგულაციებთან შესაბამისობა. ეს, თავის მხრივ, შესაძლოა, დამატებითი ჯარიმების ან სანქციების მიზეზი გახდეს, რაც, საბოლოოდ, შექმნის რეპუტაციულს რისკს და თუ რეპუტაცია დაზიანდა, მისი აღდგენა საკმაოდ დიდ დროსთან იქნება დაკავშირებული.

– რა არის ფინანსური მზაობა და ამ თვალსაზრისით რა მოთხოვნებს უქმნის დღეს ბაზარი ბიზნესებს?
– ფინანსური მზაობა კომპანიის ფინანსური სისტემის ყველა კომპონენტის მწყობრში ყოფნას გულისხმობს. ის მას ანიჭებს შესაძლებლობას, ნებისმიერ მომენტში თავდაჯერებულად ესაუბროს მომავალ პარტნიორებს, ინვესტორებს, საფინანსო ინსტიტუტებს. ფინანსური მზაობა, გამჭვირვალობის მსგავსად, ბაზრის მოთხოვნა ხდება და თუ ბიზნესს სურს, რომ განვითარდეს და გაფართოება შეძლოს, ფინანსური მზაობა მას ეხმარება დამატებითი ფინანსების მოზიდვაში, იქნება ეს სესხი საფინანსო ინსტიტუტებისგან თუ დამატებითი კაპიტალი ინვესტორებისგან. ფინანსური მზაობა ასევე გულისხმობს მზადყოფნას ეკონომიკურ გარემოში მიმდინარე ცვლილებებისადმი, როგორიცაა ინფლაციის დონე, ვალუტის კურსის მერყეობა, კონტრაქტის პირობების ცვლილება. ამ ყველაფერთან გასამკლავებლად ბიზნესს სჭირდება სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, შესაბამისად, თუ ჩვენ არ გვაქვს რეალური მონაცემები, გადაწყვეტილება სტრატეგიული ვერ იქნება და იქნება მხოლოდ დინებას მიყოლილი ან ინტუიციასა და ემოციებზე დაყრდნობილი. ამიტომაც გვჭირდება პროგნოზირებადი ფულადი ნაკადები, რამდენიმე სცენარის განხილვა (რეალისტურის, ოპტიმისტურისა თუ პესიმისტურის), რათა ინვესტორს, თუ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს დავანახოთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ვართ გადახდისუნარიანი და მომგებიანი. ერთი სიტყვით, ფინანსური მზაობა არ არის მხოლოდ არსებული ფინანსური შედეგები, ეს არის ფინანსური კულტურის ჩამოყალიბება, რაც ბიზნესის მხრიდან მიიღწევა ორგანიზებულობით, პასუხისმგებლობითა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით.
– რა სახის რისკები იქმნება, როცა კომპანიას არ აქვს სტრუქტურირებული ფინანსური სისტემა?
– რისკი ბევრია, ამიტომ ახლა მხოლოდ განსაკუთრებით საყურადღებოებს გამოვყოფ – უპირველესად, ეს არის ფინანსური რისკი, როდესაც არ გვაქვს რეალური მონაცემები და ვერ ვხვდებით, რა ფინანსურ მდგომარეობაშია ბიზნესი, როგორია მისი ფინანსური შედეგები ან როგორია მისი ფულადი ნაკადების შემოდინება-გადინება და ამ კუთხით ქცევა. თუ ეს არ არის ერთ სივრცეში აკუმულირებული, მენეჯმენტი ვერ ხედავს, სად არის კომპანია, შესაძლოა, მივიღოთ არარაციონალური გადაწყვეტილება, მაგალითად, გავხსნათ ახალი ფილიალი არსებული ფილიალების ზარალში ყოფნის ფონზე. ასევე მნიშვნელოვანია ლიკვიდურობის რისკი, რაც გულისხმობს ფულადი სახსრების დეფიციტის კონტროლს და მართვას. მაგალითად, თუ არ გვაქვს შესყიდვებზე ბიუჯეტი, შესაძლოა, ისეთი შეკვეთა განხორციელდეს შესყიდვების დეპარტამენტის მხრიდან, რომლის დაფარვის მოლოდინი გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესს არ აღმოაჩნდეს. საყურადღებოა ოპერაციული რისკიც – როდესაც კომუნიკაცია და სინერგია დეპარტამენტებს შორის არ არის ან დოკუმენტების გაცვლა არ ხდება დროულად, ასევე არ არის ხელშეკრულების პირობები კარგად გააზრებული პროცესში ჩართული დეპარტამენტების მხრიდან. ეს ყველაფერი იწვევს ქაოსს და ასეთ დროს მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ქმნის რისკებს. უნდა გამოვყოთ საგადასახადო რისკებიც – როდესაც რაიმე ტიპის დოკუმენტია გამორჩენილი ან ჩანაწერი არ არსებობს საბუღალტრო ბაზაში, შესაძლოა, რაიმე არ ავსახოთ დეკლარაციაში. შესაბამისად, როცა ეს შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმების შედეგად დადგინდება, დაგვეკისრება დამატებითი ჯარიმა, რაც ბიზნესისთვის არის როგორც მატერიალური ზიანი, ისე რეპუტაციული რისკიც. ასევე აღვნიშნავდი თაღლითობის რისკებსაც – როდესაც ოპერაციული რისკი ძალიან მაღალ დონეზეა და ქაოსში ვმუშაობთ, უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ კონკრეტულმა თანამშრომელმა ითაღლითოს და ნაკლები შანსია იმისა, რომ ეს მალე გამოვლინდეს, როდესაც არ არის შესაბამისი კონტროლის მექანიზმები დანერგილი.

– თუ ბიზნესს ფინანსური მართვის პროცესების სწორად ორგანიზება სურს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ხელმძღვანელი პირების მხრიდან?
– დაახლოებით ორი თვის წინ დავაანონსეთ სერვისი „ფინანსები 360“, რომელიც ზუსტად მიყვება იმ ნაბიჯებს, რაც ბიზნესს სჭირდება ფინანსური სისტემის ჩამოყალიბებისთვის. თუმცა ფინანსური სისტემის მოწესრიგება არ არის მხოლოდ ტექნიკური ამოცანების შესრულება, ეს უნდა იყოს სტრატეგიული პრიორიტეტი. სწორედ ამის შემდეგ გადავდივართ ტექნიკურ საქმეზე, რაც იწყება დიაგნოსტიკით – ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა გავაანალიზოთ, რა მდგომარეობაშია ბიზნესი დღეს, ვიპოვოთ დაშვებული შეცდომები, დავადგინოთ რისკები მათი პრევენციისთვის. მეორე ეტაპი არის არსებული ხარვეზების გამოსწორება, საჭიროების შემთხვევაში საბუღალტრო ბაზების აღდგენა. შემდეგ გადავდივართ სააღრიცხვო პოლიტიკების ჩამოყალიბებაზე, რათა ყველა დეპარტამენტს სამოქმედო სახელმძღვანელო ჰქონდეს და პროგნოზირების ნაწილზე, რაც გულისხმობს ფულადი სახსრების დაგეგმვას, რათა ბიზნესს ჰქონდეს გარკვეული მოდელი და რუკა, რომ არ შეექმნას ფულადი სახსრების დეფიციტი. მთელ ამ პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მონიტორინგს, იმიტომ, რომ ფინანსური სისტემის მოწესრიგება არ არის ერთჯერადი ქმედება ხარვეზების გამოსასწორებლად. ჩვენ გვჭირდება დროული რეაგირება. ბიზნესიც არის ცოცხალი ორგანიზმი – ყოველდღიურად ახალი ოპერაციები სრულდება, ახალი ნაბიჯები იდგმება. მით უფრო, თუ ბიზნესი გაფართოებაზე ზრუნავს, ფინანსური სისტემა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა ჰქონდეს, რომ ყველა ის რისკი, რაც ჩამოვთვალეთ, ვაკონტროლოთ და ხელი შევიწყოთ მის მდგრადობას გრძელვადიან პერიოდში.