ფინეთი დასახელდა მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქვეყნად – World Happiness Report-ის რეიტინგში მან ზედიზედ მეცხრედ დაიკავა პირველი ადგილი.
ე.წ. „მსოფლიოს ბედნიერების ანგარიში” – ეს არის რეიტინგი, რომელიც ბედნიერების საერთაშორისო დღეს ქვეყნდება ხოლმე. ის ეფუძნება დაახლოებით 100 000 ადამიანის პასუხებს 140-ზე მეტ ქვეყანაში. მონაწილეებს სთხოვენ შეაფასონ საკუთარი ცხოვრება რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით – სოციალური მხარდაჭერა, თავისუფლება, გულუხვობა, კორუფციის აღქმა და ჯანმრთელობა. ასევე გათვალისწინებულია დამატებითი ფაქტორები, როგორიცაა ერთ სულ მოსახლეზე მშპ და ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობა.
რატომ გახდა ისევ ფინეთი ყველაზე ბედნიერი ქვეყანა? ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ნდობა, რომელიც ფინურ საზოგადოებაში არსებობს – ეს ადამიანებს უსაფრთხოების განცდას აძლევს. ასევე მნიშვნელოვანია ბუნებასთან სიახლოვე, რაც ადგილობრივებს ყოველდღიური სტრესის დაძლევაში ეხმარება. დიდ როლს თამაშობს კარგად განვითარებული სოციალური და ჯანდაცვის სისტემები, სახელმწიფოს მიმართ ნდობა და კორუფციის დაბალი დონე.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფინურ ცნებას – sisu, რაც გულისხმობს შინაგან გამძლეობას და რთულ სიტუაციებში წინსვლის უნარს.
როგორც ერთ-ერთი ავტორი ჯონ ჰელიველი აღნიშნავს, რეიტინგი მეცნიერულად არის შედგენილი, თუმცა ქვეყნის წარმატება მხოლოდ ფინანსებით ან განათლებით არ აიხსნება. მისი თქმით, ერთობის განცდა და იმის ცოდნა, რომ საჭიროების შემთხვევაში დახმარებას მიიღებ, გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანების კეთილდღეობაში.

ფინეთის ტურიზმის სამინისტრომ უკვე დაიწყო სპეციალური პროგრამა – Chill Like a Finn (დაისვენე ისე, როგორც ფინელმა), რომლის ფარგლებში შერჩეული ადამიანები ერთ კვირას უფასოდ გაატარებენ ფინეთის ტბების რეგიონში, რათა უკეთ გაიგონ ბედნიერების საიდუმლო.
თუ ფინეთი პირველ ადგილზეა, ჩრდილოეთ ევროპა მთლიანობაში ყველაზე ბედნიერ რეგიონად რჩება. მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს – ისლანდიამ და დანიამ.
პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ: ნიდერლანდები, ისრაელი, ლუქსემბურგი და შვეიცარია.
რაც შეეხება საქართველოს, რეიტინგში 91-ე პოზიციას იკავებს.
