ფინეთის რამდენიმე ქალაქის სპა-სასტუმროების რესტორნებში რობოტი ოფიციანტების სატესტო პროგრამა დაიწყო. ეს მოწყობილობები ძალიან ჰგვანან მოძრავ მაგიდებს თაროებით, რომლებსაც სტუმრებთან საკვები მიაქვთ, თავაზიან მადლობას იხდიან და ვიზიტორებს სასიამოვნო დღესაც უსურვებენ. სიახლის შესახებ ფინური გამოცემა წერს.
როგორ მუშაობს რობოტი?
რკინის ოფიციანტს ერთდროულად რამდენიმე კერძის დარიგება შეუძლია.
მოძრაობს წინასწარ დაპროგრამებული მარშრუტით და არ შეუძლია შეკვეთების მიღება ან სტუმრების კითხვებზე პასუხის გაცემა — ამისთვის ჯერ ისევ საჭიროა ადამიანების დახმარება.
საინტერესო ინიციატივა სავონიას მეცნიერებათა უნივერსიტეტს ეკუთვნის და პროექტის ავტორებს აინტერესებთ თუ როგორ შეუძლია ავტომატიზაციის პროცესს რესტორნებისთვის ცხოვრების გამარტივება.
სტუმრებმა ინოვაცია დადებითად მიიღეს — ბევრი მათგანი რობოტებთან ფოტოების გადაღებითაც გაერთო.
პერსონალმაც აღნიშნა, რომ ახალი ტექნოლოგია გადაადგილებისთვის საჭირო დროს ამცირებს და მათ ენერგიასაც ზოგავს.
ტესტირება რამდენიმე კვირა გაგრძელდება. თუ შედეგები დადებითი იქნება, მსგავსი რობოტები შესაძლოა ფინეთის სხვა სასტუმროებშიც გამოჩნდნენ.