თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო უზბეკურმა ავიაკომპანიამ Fly Khiva, რომელი ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და შაბათს შეასრულებს.
Boeing 757-300 ტიპის საჰაერო ხომალდით აღნიშნულმა ავიაკომპანიამ პირველი მგზავრები უზბეკეთის დედაქალაქიდან თბილისში უკვე ჩამოიყვანა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ივნისიდან Fly Khiva ოპერირების დაწყებას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც გეგმავს. ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში ორჯერ – ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.
Fly Khiva უზბეკური ავიაკომპანიაა, რომელმაც საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატი 2023 წელს მიიღო და თავდაპირველად სატვირთო რეისებს ასრულებდა ევროპაში, ჩინეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. 2024 წლის დეკემბრიდან Fly Khiva-მ სამგზავრო რეისების შესრულებაც დაიწყო და მისი ერთ-ერთი პირველი მიმართულება სწორედ საქართველოა. Fly Khiva ფლობს Boeing 767-300 ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდებსა და ორ Boeing 757-300 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავს, რომლებიც ბიზნეს კლასის 22 და ეკონომ კლასის 203 ადგილით არის აღჭურვილი.