დღეს 20:00სთ-ზე რუსთაველის თეატრში ფონდ „ქართული გალობის“ ყოველწლიური დაჯილდოვება-კონცერტი გაიმართება. რიგით მეოთხე ღონისძიებაზე ფონდი „ქართული გალობა“ ქართული ტრადიციული კულტურის – ხალხური სიმღერის, გალობისა და ხალხური ცეკვის პოპულარიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს დააჯილდოვებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ფონდი „ქართული გალობის“ ოფისში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც დასახელდა დაჯილდოების მონაწილე ანსამბლები: სვეტიცხოვლის ტაძრის მგალობელა გუნდი, ქედის გოგონათა ანსამბლი „იაგუნდი“, ანსამბლი „ქობულეთი“, ეთნომუსიკის თეატრი მთიები, ქალთა ანსამბლი „მზეთამზე“, მესტიის ანსაბმლი „რიჰო”, ხულოს უხუცესთა ანსამბლი „ბერმუხა“, ცნობილი ქართველი მოცეკვავე ომარ მხეიძე.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას აგრეთვე მიიღებს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისა მგალობელთა გუნდი, საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი “ბასიანი”.
ამ დღეს ფონდი „ქართული გალობა“ გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით გამოავლენს და მათ ფონდის სპეციალური ჯილდო, სიგელი და ფულადი პრემია გადაეცემათ.
ფონდის დამფუძნებლებმა ისაუბრეს ფონდის მიერ 2016 წელს განხორციელებული არაერთი პროექტის შესახებ და აღნიშნეს დაჯილდოების დიდი მნიშვნელობა ქართული კულტურის , კერძოდ ტრადიციული მუსიკის ხელშეწყობის და პოპულარიზაციის კუთხით.
პრეზენტაციაზე ასევე ცნობილი გახდა ფონდის ინიციატივით ეთნომუსიკის გამორჩეული ანსამბლ „მთიების“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი გარაყანიძის სახელობის
სტიპენდიის დაარსების შესახებ, რომელიც მომავალში ყოველწლიურად გადაეცემათ კონსერვატორიის ტრადიციული მუსიკის და ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის მიმართულების წარჩინებულ სტუდენტებს.
ფონდი “ქართული გალობა” 2012 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა. ფონდის საქმიანობის მიზანია ქართული სიმღერა–გალობისა და ხალხური შემოქმედების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, აგრეთვე, ქართული ტრადიციული მუსიკის სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობა.